თურქეთის მუნიციპალური არჩევნები ოპოზიციის გამარჯვებით დასრულდა.
ერის ნება საარჩევნო ყუთით ვლინდება, ერი თავის ხმას საარჩევნო ყუთის მეშვეობით ატყობინებს და პოლიტიკოსებს საარჩევნო ყუთით გადასცემს თავის გზავნილს. 2023 წლის მაისის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი გამარჯვებიდან ცხრა თვის შემდეგ, სამწუხაროდ, მუნიციპალურ არჩევნებზე ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმ შედეგს, რაც გვინდოდა და რისი იმედიც გვქონდა. შედეგები გაანალიზდება. ამას გავაკეთებთ თვითკრიტიკულად და ობიექტურად, - განაცხადა არჩევნების შედეგების კომენტირებისას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით საარჩევნო უბნების 99,82%-ია დათვლილი. პირველად 35 წლის განმავლობაში, პრო-სეკულარული რესპუბლიკური სახალხო პარტია ლიდერობს. მას ქვეყნის მასშტაბით ხმების 37,74% აქვს მიღებული, ერდოღანის სამართლიანობის და განვითარების პარტიას კი 35,49%.
თურქეთის 30 დიდი ქალაქიდან თოთხმეტში, მათ შორის სტამბოლში, ანკარაში, იზმირში, ადანაში, ანტალიაში ბურსაში, მუნიციპალური არჩევნები რესპუბლიკურმა პარტიამ მოიგო, თორმეტში - ერდოღანის სამართლიანობის და განვითარების პარტიამ, სამში - პროქურთულმა დემოკრატიულმა პარტიამ, ერთში კი კეთილდღეობის პარტიის მემკვიდრედ ცნობაზე პრეტენზიის მქონე ისლამისტურმა და კონსერვატიულმა ახალმა კეთილდღეობის პარტიამ.
თურქეთის 51 პროვინციული მუნიციპალიტეტიდან ოცდაერთში რესპუბლიკურმა პარტიამ გაიმარჯვა, თორმეტში კი ერდოღანის სამართლიანობის და განვითარების პარტიამ.