თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, NATO-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის გაძლიერების ძალისხმევის ფარგლებში Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები განთავსდება.
"ჩვენს რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენი საზღვრებისა და საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ზომები მიიღება, ჩვენ კონსულტაციებს ვატარებთ NATO-სთან და ჩვენს მოკავშირეებთან. ჩვენს მიერ მიღებული ეროვნული ზომების გარდა, NATO-მ გააძლიერა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ზომები. ამ სტრუქტურის ფარგლებში, Patriot-ის სისტემა ამჟამად მალათიაშია და ჩვენი საჰაერო სივრცის დაცვის უზრუნველსაყოფად განლაგებისთვის ემზადება", - ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც Anadolu იუწყება, განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც NATO-ს საჰაერო თავდაცვამ თურქეთის ცაში აშშ-ისრაელის ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ მეორე ბალისტიკური რაკეტა ჩაჭრა.








