აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ფლორიდის სკოლაში მომხდარი სისხლიანი შეთხვევის გამო მკაცრად გააკრიტიკა გამოძიების ფედერალური ბიურო. მისი თქმით, ეფბიაი ძალიან ბევრ დროს ხარჯავს იმის დასამტკიცებლად, რომ რუსეთმა ტრამპის საარჩევნო კამპანიასთან ერთად შეთქმულება მოაწყო.
"არანაირი შეთქმულება არ არსებობს. ჩამოდით დედამიწაზე და ისე ქენით, რომ კვლავ სიამაყეს განვიცდიდეთ", - წერს ტრამპი თავის ტვიტერზე.
ფლორიდის საშუალო სკოლაში მომხდარ თავდასხმას 17 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 14 დაშავდა. რამდენიმე დაშავებული კვლავ მძიმე მდგომარეობაშია.
თავდამსხმელი ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე ნიკოლას კრუზია, რომელიც თავდასხმიდან ერთი საათის შემდეგ დააკავეს. მან დანაშაული აღიარა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო ფლობდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კრუზი სკოლაზე სავარაუდო თავდასხმას გეგმავდა.
შაბათ საღამოს კი ფლორიდის შტატის ათასობით მაცხოვრებელი გამოვიდა მიტინგზე, ისინი ხელისუფლებისგან იარაღის გაყიდვისა და ფლობის შესახებ მკაცრი შეზღუდვების დაწესებას მოითხოვდნენ.