აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაუშვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მაიამიში "დიდი ოცეულის" (G20) სამიტზე მიწვევას მიიღებს. ჟურნალისტების კითხვაზე პასუხის გაცემისას თეთრი სახლის ლიდერმა თქვა, რომ უკრაინის ლიდერს 14-15 დეკემბერს დაგეგმილ სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების შეხვედრაზე "მიიწვევდა" და ამ საკითხში "არანაირ პრობლემას" არ ხედავს.
მანამდე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ არ გამორიცხა, რომ ზელენსკი, შესაძლოა, ფლორიდაში სამიტზე მიიწვიონ. ეს შესაძლებელია, თუ ტრამპი ჩათვლის, რომ უკრაინის მაღალი რანგის წარმომადგენლის დასწრება "რაიმე დადებით" ეფექტს მოიტანს, - განმარტა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონმა G20-ის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიწვია. "პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა, შეხვდეთ ადამიანებს, რომლებთანაც უთანხმოება ან გარკვეული ხახუნი გაქვთ", - განაცხადა მაშინ რუბიომ.
თუმცა, დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების სენატორთა ჯგუფმა ტრამპს მიწვევის გაუქმებისკენ მოუწოდა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებაზე ერთპიროვნული პასუხისმგებლობა პუტინს დააკისრა. ჯერჯერობით უცნობია, გაემგზავრება თუ არა კრემლის ლიდერი ღონისძიებაზე.
უკრაინის პრეზიდენტმა სექტემბრის ბოლოს DW-სთან ინტერვიუში გამოთქვა მზადყოფნა, ჩავიდეს ფლორიდაში სამიტზე, თუ იქ პუტინს მიიწვევენ. "ჩვენ უნდა შევხვდეთ, ვისაუბროთ და გადაწყვეტილება მივიღოთ", - განაცხადა ზელენსკიმ.
თუმცა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა სააგენტო AFP-სთან ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორი სახელმწიფოს მეთაურის შეხვედრა ფლორიდაში "შეუძლებელია". კრემლმა არაერთხელ მიანიშნა, რომ მათი დიალოგი მხოლოდ მოსკოვში შეიძლება შედგეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ოქტომბრის ბოლოს განაცხადა, რომ კიევი ზელენსკისა და პუტინის შეხვედრისთვის მზადაა. "ის ნებისმიერ ადგილას შეიძლებოდა გამართულიყო - მოსკოვის, ბელარუსის ან ჩრდილოეთ კორეის გარდა", - განმარტა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.




