აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აწარმოებს ყველაზე მკაცრ ეკონომიკურ ოპერაციას, რომელიც ოდესმე რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულა. მისი თქმით, ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და იზოლაცია.

ტრამპმა მოუწოდა აშშ-ის მოკავშირეებს, ერთიანად დაუდგნენ გვერდში ირანის საფრთხის დასამარცხებლად და ქვეყნის სრულად იზოლაციისთვის.  

აშშ-ის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი სახელმწიფო, რომლის ფინანსური ინსტიტუტები, ბიზნესები, აეროპორტები ან სამთავრობო სტრუქტურები ირანს რაიმე სახის მხარდაჭერას გაუწევს, მკაცრ ეკონომიკურ შედეგებსა და სანქციებს წააწყდება.  

ტრამპის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ნავთობის კონტრაბანდა, ფულადი გადარიცხვები, სავალუტო ოპერაციები, გემების რეგისტრაცია და ფიქციური კომპანიების გამოყენება, რომლებიც თეირანს ფინანსურ შემოსავლებს უნარჩუნებს.  

ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო შესაძლებლობები მძიმედ დაზიანდა, ეკონომიკა და ვალუტა კი კოლაფსის ზღვარზეა. მან ასევე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლება არასდროს მიეცემა.