აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის მასშტაბური რემონტი გაამართლა და განაცხადა, რომ შენობას „ღია ჭრილობები“ ჰქონდა და დანგრევის პირას იყო მისული. “ეიბისი ნიუსმა“ ვიდეოკადრებში აჩვენა, როგორ ანგრევენ ისტორიულ აღმოსავლეთ ფრთას ახალი სამეჯლისო დარბაზისთვის.

„თეთრი სახლი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, როგორც შიგნიდან, ისე გარედან. გულახდილად რომ ვთქვა - ნაგავსაყრელი იყო! წინა პრეზიდენტებმა არ მოუარეს“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე 13 სექტემბერს და ფასადის ჩამოცვენილი ბათქაშის ფოტოებიც გამოაქვეყნა.

30 სექტემბერს, ესპანური მემკვიდრეობის თვისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თეთრ სახლს „ღია ჭრილობები“ ჰქონდა და რემონტს საკუთარი ხელფასით - წელიწადში 400 000 დოლარით - აფინანსებს.

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა: „მე ვარ ერთადერთი სულელი. ამისათვის არავინ მაქებს. იცით რა, არავინ მაქებს. ამაზე არავინ წერს" - რითაც თავი სხვა პრეზიდენტებისგან გამიჯნა. MS NOW-ი კი მის ამ განცხადებასთან დაკავშირებით წერს, რომ ამერიკის პრეზიდენტის საბაზო წლიური ხელფასი 400 000 დოლარია, რასაც რესპუბლიკელი პრეზიდენტი არ იღებს, თუმცა - და ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი - ტრამპს ეს $400 000 დოლარი არ სჭირდება, რადგან ისედაც იღებს მოგებას პრეზიდენტობიდან.

როგორც „ეიბისი ნიუსის“ ვიდეოკადრებში ჩანს, დემონტაჟი უკვე დაიწყო - ბულდოზერები 1902 წელს აშენებული აღმოსავლეთ ფრთის კედლებს ანგრევენ, რათა მის ადგილას 90,000 კვადრატული ფუტის სამეჯლისო დარბაზი აშენდეს. ტელეკომპანიის ცნობით, სრული დემონტაჟი ამ უქმეებზე უნდა დასრულდეს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მუშაობა შეჩერებულია.

პროექტის ღირებულება  „ვაშინგტონ პოსტის“ შეფასებით $900 მლნ-მდე მერყეობს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ