ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხუთშაბათს ჯორჯიის შტატის სასამართლოს ჩაჰბარდება. პროკურატურა მას შტატში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობაში ედავება. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ატლანტაში მოსამართლემ ტრამპს 200 000 დოლარის გირაო მიუსაჯა.
ექსპრეზიდენტს შეუძლია სასამართლო პროცესისთვის თავისუფალი იყოს მანამ, სანამ ის არ შეეცდება მოწმეების დაშინებას.
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი 13 ბრალდებას უარყოფს, მათ შორის რეკეტსა და ცრუ განცხადებების გაკეთებას. მას და ამ საქმეში ბრალდებულ 18 სხვა პირს ფულტონის ოლქის ციხეში შემოწმებისთვის გამოსაცხადებლად ვადა პარასკევს შუადღემდე მიეცათ.
ჯორჯიის შტატში ფულტონის ოლქის შერიფმა თქვა, რომ მათ ისე მოექცევიან, როგორც ნებისმიერ სხვა ბრალდებულს, რაც შეიძლება ნიშნავს, რომ ტრამპის თითის ანაბეჭდსაც აიღებენ.
სასამართლომ ტრამპის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
"ბრალდებულმა არ უნდა განახორციელოს რაიმე ქმედება, რათა დააშინოს მისთვის ცნობილი პირი, როგორც თანაბრალდებული ან მოწმე, ან სხვაგვარად ხელი შეუშალოს მართლმსაჯულების განხორციელებას," - ნათქვამია განცხადებაში. "ზემოაღნიშნული უნდა მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ, სოციალურ მედიაში პოსტებით ან სხვა პიროვნების მიერ სოციალურ მედიაში განთავსებული პოსტებით."
მოგვიანებით, ორშაბათს, ტრამპმა თავის სოციალური მედიის პლატფორმა Truth Social-ზე პოსტი გამოაქვეყნა: "გჯერათ? მე მივდივარ ატლანტაში, ჯორჯიაში, ხუთშაბათს, რათა რადიკალმა მემარცხენე პროკურორმა, ფანი უილისმა დამაკავოს."
"მან კამპანია ჩაატარა და აგრძელებს კამპანიას ფულის მოსაზიდად კუდიანებზე ნადირობისთვის. ეს ხდება ჯო ბაიდენის იუსტიციის დეპარტამენტთან მკაცრი კოორდინაციით." - აღნიშნა ექსპრეზიდენტმა.
გასულ კვირას ტრამპს ჯორჯიაში ელექტორატის ნების შეცვლის მცდელობაში ბრალი წაუყენეს. 2020 წელს ჯორჯიის შტატში ის დემოკრატ ჯო ბაიდენთან დამარცხდა.
ყოფილი პრეზიდენტი სატელეფონო საუბრისას ზეწოლას ახდენდა ჯორჯიის შტატის რესპუბლიკელ სახელმწიფო მდივანზე, ბრედ რაფენსპერგერზე და მას სთხოვდა "11 780 ხმა ეპოვა" ბიულეტენების დათვლის დროს, რათა ბაიდენს შტატში არჩევნები წაეგო.
ტრამპი აშშ-ის პირველი ყოფილი ან მოქმედი პრეზიდენტია, რომელსაც ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მას კიდევ სამი სისხლის სამართლის საქმე ემუქრება.