შეერთებულ შტატებს რუსეთისთვის არავინ გადაუცია ამერიკელი სტივენ ჰაბარდის გათავისუფლების სანაცვლოდ, რომელიც რუსეთში დაქირავებული მებრძოლეობის ბრალდებით სასჯელს იხდიდა, — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, რუსულმა მხარემ ასეთი ნაბიჯი მისდამი "პატივისცემის გამო" გადადგა.

"სტივენი უკვე სახლისკენ მიმავალ გზაზეა და მალე საკუთარ ოჯახს შეუერთდება. პრეზიდენტ ტრამპისადმი პატივისცემის ნიშნად, შეერთებული შტატებისგან სანაცვლოდ არაფერი მოუთხოვიათ — რუსეთისთვის ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. ამ გათავისუფლებისთვის არანაირი გაცვლა არ გამხდარა საჭირო", — დაწერა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

მომდევნო პოსტში ტრამპმა ჰაბარდის გათავისუფლებას "აშშ-ისთვის ნამდვილად დიდი და მნიშვნელოვანი გარიგება" უწოდა. მან განაცხადა, რომ "ბევრი ადამიანი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებას ითხოვდა, პრეზიდენტ ტრამპისთვის ბოდიშის მოხდის მიზნით რეკავდა, რადგან არ იცოდნენ, რომ ის ამერიკელის გათავისუფლებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა". "სანქციები რომ დაწესებულიყო, ეს მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, სრულად და საბოლოოდ შეჩერდებოდა", — დასძინა მან.

მანამდე, იმავე დღეს, პეტერბურგში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივენ უიტკოფთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის 74 წლის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი, რომელსაც დაქირავებული მებრძოლეობის ბრალდებით თითქმის შვიდი წლით კოლონია ჰქონდა მისჯილი, უკვე პეტერბურგის "პულკოვოს" აეროპორტში იმყოფება. უიტკოფმა პუტინს ჰაბარდის გათავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადა.

ჰაბარდი პენსიონერი და ინგლისური ენის ყოფილი მასწავლებელია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდა, 2014 წლიდან კი უკრაინის ქალაქ იზიუმში ცხოვრობდა. რუსული საგამოძიებო ორგანოების მტკიცებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე იგი ტერიტორიული დაცვის ერთ-ერთ ადგილობრივ დანაყოფში გაწევრიანდა და ფულად ჯილდოს იღებდა, თუმცა მოგვიანებით, იგი დატოვა.

2022 წლის აპრილში ჰაბარდი რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა დააკავეს, ხოლო 2024 წლის ოქტომბერში მას დაქირავებული მებრძოლეობის მუხლით საერთო რეჟიმის კოლონიაში ექვსი წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლოზე ჰაბარდმა ბრალი აღიარა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ ტერიტორიულ დაცვაში ან სხვა შეიარაღებულ დანაყოფში არასდროს ყოფილა. მისი სამხედრო ნაწილებში მსახურის დადასტურება ვერც უკრაინის ხელისუფლებამ მოიპოვა.

ამერიკულმა მხარემ მოგვიანებით ჰაბარდი უკანონოდ დაკავებულად ცნო. "პატიმრობაში ჰაბარდს სისტემატურად სცემდნენ", — იტყობინებოდა სააგენტო AFP. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დროს აშშ-ის ხელისუფლება რუსეთს, მათ შორის, მათი მოქალაქისთვის საკონსულო დახმარებაზე უარის თქმაში ადანაშაულებდა.