კარპანტრაში ორი ბავშვი მზის გულზე გაჩერებულ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მთავარ ვერსიად სიცხით გამოწვეული სიკვდილი განიხილება, ხოლო გამოძიების პირველადი მონაცემები მიანიშნებს, რომ ბავშვები მანქანაში თავად ჩაიკეტნენ.
ორშაბათს, 22 ივნისს, კარპანტრაში (ვოკლუზის დეპარტამენტი), ანომალიური სიცხის დროს, მზის გულზე გაჩერებულ მანქანაში ჩაკეტილი ორი ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს – განაცხადა კარპანტრას რესპუბლიკის პროკურორმა.
გამოძიება ძირითად ვერსიად სიცხისგან გამოწვეულ სიკვდილს განიხილავს. 2 და 4 წლის ბავშვები ოჯახის კუთვნილ ავტომობილში დედამ ნაშუადღევს, ადრეულ საათებში აღმოაჩინა. პროკურატურის ინფორმაციით, მანქანა საცხოვრებელი სახლის მისასვლელ გზაზე იდგა. ბავშვები უგონო მდგომარეობაში იყვნენ.
დედის მიერ 13:20 საათზე გამოძახებული მეხანძრე-მაშველები ადგილზე მალევე მივიდნენ, თუმცა უშედეგოდ. 33 წლის დედას სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება აღმოუჩინეს.
გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო „გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის“ მუხლით. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ რესპუბლიკის პროკურორი და კრიმინალისტები. პირველადი მონაცემებით, ბავშვები მანქანაში თავად ჩაიკეტნენ.
„სიკვდილის ზუსტი მიზეზები დასადგენია, თუმცა წამყვანი ვერსია ანომალიური სიცხეა“, — განუცხადა AFP-ს კარპანტრას პროკურორმა, ელენ მურჟმა. ორშაბათს კარპანტრაში, ბავშვების პოვნის საათებში, ჩრდილში 32,7°C ფიქსირდებოდა. დღის პიკში, 16 საათზე, თერმომეტრმა 39°C-ს მიაღწია, რაც აღქმით 42,3 გრადუსს უდრიდა. ცხედრები ნიმის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც აუტოპსია სამშაბათს, 23 ივნისს იგეგმება. სწორედ მან უნდა დაადგინოს სიკვდილის ზუსტი მიზეზები და გარემოებები. პროკურატურის განმარტებით, დედა გამომძიებლებს მისი მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო ჯერ არ გამოუკითხავთ.
დაზარალებულთა დახმარების ასოციაცია Amav-ი საქმეში უკვე ჩაერთო, პროკურატურასთან გაფორმებული ოფიციალური პროტოკოლის შესაბამისად. ამ ტრაგედიამ მთელი უბანი შოკში ჩააგდო. ამანდინ მიგალიმ, მეზობელმა, საკუთარი ფანჯრიდან დაინახა მაშველებისა და სასწრაფო დახმარების მანქანების მოძრაობა: „შოკირებული ვარ, - განუცხადა AFP-ს ექვსი შვილის დედამ.
აქ, პრაქტიკულად, ყველანი ვიცნობთ ერთმანეთს, ბავშვების ხმა ხშირად გვესმოდა. ძალიან სიცოცხლით სავსეები იყვნენ“. „პირველი, რაც გავიგონე, სასწრაფოს და პოლიციის სიგნალები იყო, შემდეგ კი – დედის ყვირილი, რომელმაც ორივე შვილი დაკარგა“, - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები BFMTV-სთან.
„ამ სიცხის მიუხედავად, მსგავს რამეს აზრადაც ვერ მოვიფიქრებდი, - აღიარებს ქალაქის კიდევ ერთი მცხოვრები. როდესაც კატაფალკის მოსვლა დავინახე, მეგონა, ვინმეს სიცხისგან გული წაუვიდა, მაგრამ რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა... მარტოხელა დედა ვარ სამი შვილით, ამას ვერასდროს გადავიტანდი“.
კიდევ ერთი ადგილობრივი აღნიშნავს, რომ შემთხვევის დროს მის ბაღში, მზის გულზე, ტემპერატურა 43°C-ს აღწევდა: „ძალიან, ძალიან თბილი ოჯახია. 15-20 წუთიანი უყურადღებობა და უბედური შემთხვევაც წამში ხდება“.








