საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ,  ჟურნალისტებთან იმაზე ისაუბრა, თუ რას აპირებს საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდგომ. მან უარყო გავრცელებული ხუმრობები მისი შესაძლო პოლიტიკური ამბიციების შესახებ.

გამოცემა Le Parisien-ისთვის მიცემულ უჩვეულო ინტერვიუში, სადაც ფეხბურთელს კითხვებს მისი ახლობლები უსვამდნენ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, მბაპეს პროფესიონალური სპორტიდან წასვლის შემდგომ გეგმებზე ჰკითხა.

„მე ჩემს თავს ვაძლევ შესაძლებლობას, კარიერის შემდეგ ბევრი არჩევანი მქონდეს. მაქვს ბიზნესი, რომელიც კარგად არის აწყობილი. თუ მომინდება ბიზნესმენობა, ვიქნები ბიზნესმენი. თუ უფრო დიდი ამბიციები მექნება, უფრო დიდ მიზნებსაც მივყვები“, - განაცხადა 27 წლის თავდამსხმელმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, გულისხმობდა თუ არა „დიდ ამბიციებში“ ელისეის სასახლეში გადასვლას, მბაპემ იუმორით უპასუხა: „არა, ნუ ნერვიულობთ, რესპუბლიკის პრეზიდენტობაზე არ ვსაუბრობ. ბევრი მეუბნება ამას, მაგრამ ეს ჩემს გეგმებში არ შედის. ისედაც საკმარისად ვეზიზღები ხალხს (იცინის). შეიძლება ვამჯობინო უფრო ჩრდილში ყოფნა და ჩემს საქველმოქმედო ფონდს მივხედო...“

შეგახსენებთ, რომ მბაპეს საფრანგეთში უდიდესი საზოგადოებრივი გავლენა აქვს, რის გამოც ფრანგულ მედიასა და გულშემატკივრებში ხშირად ხუმრობენ მის „პრეზიდენტობაზე“, თუმცა, როგორც თავდამსხმელმა დააზუსტა, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ის პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს.