აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისა და რუსეთის ლიდერების ორმხრივ შეხვედრას ელოდება, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ვისი იდეა იყო ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ორმხრივი შეხვედრის ჩატარება, ნაცვლად ტრამპის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრისა, ლევიტმა უპასუხა, რომ ეს გადაწყვეტილება პუტინთან, ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან საუბრის შემდეგ მიიღეს.
„ყველა თანხმდებოდა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ორი ლიდერი ერთად დასხდებოდა და პრეზიდენტი ამას ელოდება“, – განაცხადა ლევიტმა.
მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია მუშაობს ამ შეხვედრის ჩასატარებლად.
ამასთან, ლევიტმა თავი შეიკავა შეხვედრის ადგილმდებარეობის შესაძლო ვარიანტების დასახელებისგან.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ დაურეკა ტრამპმა პუტინს ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დროს, ლევიტმა აღნიშნა, რომ ლიდერები მადლიერები იყვნენ, რომ ტრამპს პუტინთან საუბარი ჰქონდა.
ლევიტის თქმით, პუტინთან „რამდენიმე სატელეფონო საუბრის“ და ზელენსკისთან „ათობით შეხვედრის“ შემდეგ, ტრამპს ახლა „ესმის, რა სურს და რისი დათმობა მოუწევს ორივე მხარეს“. როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა აღნიშნა, ორივე მხარეს მოუწევს, „ცოტათი უკმაყოფილო იყოს“ ომის დასასრულებლად მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებით.
თარგმანი: პირველი არხი