რუსეთის ხელისუფლებამ Telegram-ის შემქმნელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის (FSB) განცხადებით, მას ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში ედება ბრალი.
რუსული მედიის ცნობით, სისხლის სამართლის საქმე ეფუძნება FSB-ს მტკიცებას, რომ Telegram-ის ადმინისტრაციამ უგულებელყო მოთხოვნები და არ წაშალა ის არხები, ჩატები და ბოტები, რომლებსაც, გამოძიების ვერსიით, უკრაინის სპეცსამსახურები და სხვა ჯგუფები რუსეთში ტერორისტული აქტებისა და დივერსიების კოორდინაციისთვის იყენებენ.
დუროვს ბრალი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 205.1 მუხლით (ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობა) დაუსწრებლად წარედგინა.
რუსული კანონმდებლობით, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მაქსიმალურ სასჯელად სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ პაველ დუროვმა რუსეთი წლების წინ დატოვა და ამჟამად დუბაიში ცხოვრობს. ის ფლობს საფრანგეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეობას. თავად დუროვს აღნიშნულ ბრალდებაზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.




