ტაილანდის პოლიციის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 17 წლის გოგონა, რომლის შიშველი ცხედარიც პატაიაში, ჩემოდანში იპოვეს, სუნთქვის უკმარისობით (გაგუდვით) გარდაიცვალა.

შემთხვევა ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის საგანი გახდა. სამართალდამცველების ცნობით, მკვლელობის ბრალდებით ავსტრალიის 45 წლის მოქალაქე, საიმონ პიტერ კარმანი არის დაკავებული.  

პოლიციის მტკიცებით, ბრალდებულმა არასრულწლოვანი ტუნჩანოკ დონჰომლა პატაიას სანაპიროსთან ივნისის ბოლოს აიყვანა. მისი ცხედარი ორი დღის შემდეგ რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩემოდანში მოთავსებული იპოვეს.  

პატაიას პოლიციის უფროსის, ანეკ სრათონგიოს განცხადებით, ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ სიკვდილის მიზეზი გაგუდვა გახდა. კვლევამ ასევე აჩვენა ტვინის დაზიანებაც, თუმცა პოლიციის განმარტებით, ეს შესაძლოა, სხეულის გადაადგილებისას მიღებული ტრავმა ყოფილიყო.  

ბრალდებული ბანგკოკის აეროპორტში, ავსტრალიაში გაფრენის მცდელობისას აიყვანეს. მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, ცხედრის დამალვა ან გადაადგილება, არასრულწლოვნის გატაცება და სუროგატული ქმედებები.  

თავდაპირველად ბრალდებული წარდგენილ ბრალდებებს უარყოფდა, თუმცა სამართალდამცველები აცხადებენ, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები და დნმ-ის ანალიზის შედეგები არსებობს პროკურატურისთვის გადასაცემად.