ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ორშაბათს იტალიას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. საქმე ეხება გაუპატიურებისა და ოჯახში ძალადობის ფაქტზე აღძრულ საქმეში იტალიელი პროკურორის მიერ გაკეთებულ შოკისმომგვრელ და სექსისტურ განცხადებებს.
როგორც გამოცემები La Verità და La Repubblica იუწყებიან, სამართლებრივი დავა 2021 წელს დაიწყო, როდესაც იტალიის ქალაქ პელეცანოში მცხოვრებმა 44 წლის ფრანგმა ქალმა ყოფილი პარტნიორი მისსა და მათ ორ შვილზე ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. სტრასბურგის მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ იტალიურმა მხარემ გამოძიება არაეფექტურად, დაგვიანებებითა და პროცედურული დარღვევებით აწარმოა.
ევროპული სასამართლოს განსაკუთრებული კრიტიკის საგანი საქმისმწარმოებელი პროკურორი ქალის პოზიცია გახდა, რომელმაც საჩივრიდან რამდენიმე თვეში საქმის დახურვა მოითხოვა. პროკურორმა მიიჩნია, რომ სექსუალური აქტის დროს მამაკაცისთვის „ნორმალურია“ ქალის მხრიდან „მინიმალური წინააღმდეგობის“ გადალახვა, თუკი ეს უკანასკნელი „ყოველდღიური ცხოვრებით არის გადაღლილი“.
გარდა ამისა, როდესაც დაზარალებულმა განაცხადა, რომ ყოფილი პარტნიორი მას ყელზე დანის მიბჯენით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, პროკურორმა ეს ფაქტი „უგემოვნო ხუმრობად“ შეაფასა, ხოლო ბავშვების მიმართ განხორციელებულ ძალადობას „დისციპლინური ზომები“ უწოდა.
სასამართლოს გადაწყვეტილება და სასჯელი
სტრასბურგის სასამართლოში გამარჯვების შემდეგ, ფრანგი ქალი კომპენსაციის სახით დაახლოებით 60 000 ევროს მიიღებს.
„თავს ფენიქსად ვგრძნობ, რომელიც ფერფლიდან აღსდგა. ჩემი ყველაზე დიდი კმაყოფილება კი ის არის, რომ ეს ბრძოლა ყველა ქალის სახელით მოვიგე“, — განაცხადა მან.
რაც შეეხება მოძალადე ყოფილ პარტნიორს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მას ოთხნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა განაჩენი ამჟამად სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული.




