თურქეთის პარლამენტის მიერ ფინეთის NATO-ში გაწევრების რატიფიკაციის შემდეგ, ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, ფინეთი NATO-ს ფორმალურად რამდენიმე დღეში შეუერთდება.

განცხადებაში იენს სტოლტენბერგი შვედეთის რატიფიკაციის პროცესთან დაკავშირებითაც საუბრობს:

"ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ შვედეთის რატიფიკაციის პროცესის სწრაფად დასრულება ყველას ინტერესებშია.

ველოდები, რომ რაც შეიძლება მალე მივიღებთ შვედეთს NATO-ს ოჯახის სრულფასოვან წევრად".

გუშინ ღამემდე NATO-ს 30 წევრი ქვეყნიდან თურქეთი ბოლო იყო, რომელსაც ფინეთის მიღების რატიფიცირება არ ჰქონდა შესრულებული. ამდენად, ალიანსის კიდევ ერთი წევრით გაფართოებას წინ აღარაფერი უდგას.

იგივე არ ეხება შვედეთს. თურქეთი და უნგრეთი შვედეთის მიღების რატიფიცირებას ამ დრომდე არ ახდენენ.

თურქები ჩივიან, რომ შვედეთი ქურთ ამბოხებულებსა და 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მონაწილეებს სათანადოდ არ სჯის. ანკარა ორივე ჯგუფს ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.

უნგრელების თქმით კი მათთვის მიუღებელია შვედების მხრიდან პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პოლიტიკის კრიტიკა.