სტამბოლის მერი, ეკრემ იმამოღლუ კორუფციისა და ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას სტამბოლის პროკურატურაზე დაყრდნობით, თურქეთის სახელმწიფო მაუწყებელი, TRT ავრცელებს.
სამთავრობო სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, დაკავების ორდერები დაახლოებით 100 სხვა პირისთვისაც გაიცა.
მთავარი ოპოზიციური ძალის, თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ოზგიურ ოზელის თქმით, "ეს ნაბიჯი არის გადატრიალების მცდელობა მომავალი პრეზიდენტის წინააღმდეგ".
იმამოღლუს დაკავების შემდეგ, სტამბოლის გუბერნატორმა ქალაქში დემონსტრაციების გამართვის უფლება "საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად" 23 მარტამდე შეაჩერა.
ინტერნეტ მონიტორინგის ჯგუფის, NetBlocks-ის ცნობით, ქვეყანაში შეზღუდულია X-ის, YouTube-ის, Instagram-ისა და TikTok-ის წვდომა.
მანამდე, 18 მარტს, სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი გააუქმა. უნივერსიტეტის დიპლომის გარეშე იმამოღლუ ვერ შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
იმამოღლუ სტამბოლის მერად 2019 წელს აირჩიეს, ხოლო 2024 წელს ეს პოსტი ხელახლა დაიკავა.
მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში 2028 წელს არის დანიშნული. უახლოეს დღეებში თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტია პრაიმერიზისთვის ემზადებოდა, სადაც იმამოღლუ საპრეზიდენტო კანდიდატად უნდა აერჩიათ.