სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს თუ დატოვებს, ამას ქვეყნისთვის სერიოზული ეკონომიკური შედეგები მოჰყვება, – ამის შესახებ სომხური მედია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
მათივე ცნობით, ანგარიში რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის წარმომადგენლებმა მოამზადეს და მასში აღწერილია ერევნისთვის ის შესაძლო ეკონომიკური შედეგები იმ შემთხვევისთვის, თუ სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობას შეწყვეტს.
ანგარიშის მიხედვით, კავშირში წევრობის შეჩერება გამოიწვევს სომხეთის მშპ-ს 15.6 პროცენტით შემცირებას, ინფლაციის 14.9 პროცენტული პუნქტით ზრდას და მოხმარების 14.6 პროცენტით შემცირებას.
ანგარიშში ნათქვამია, რომ სომხეთისთვის მიწოდებული გაზის ფასი 177.50 აშშ დოლარიდან 300 აშშ დოლარამდე გაიზრდება ათას კუბურ მეტრზე, რაც ფასის 69%-იანი ზრდაა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობის შეჩერება გამოიწვევს სომხეთის მოქალაქეებისთვის შრომითი მიგრაციის პირობების გამკაცრებას.
ანგარიშის თანახმად, ასევე აღდგება საბაჟო კონტროლი და გადასახადები ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებთან, აგრეთვე, სრული სანიტარული კონტროლი და საქონლის დაბეგვრა. ანგარიშის თანახმად, სომხეთში წარმოებული საქონლის ექსპორტი 30-50 პროცენტით შემცირდება, ხოლო რეექსპორტი – 90 პროცენტზე მეტით.




