სლოვაკეთში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის, კრემლთან მისი კავშირებისა და მედიის კონტროლის პოლიტიკის, ასევე ლგბტ უფლებებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევის გასაპროტესტებლად. გამართული აქციები 1989 წელს ჩეხოსლოვაკიაში დაწყებული "ხავერდოვანი რევოლუციის" 37-ე წლისთავს მიეძღვნა.
ყველაზე მასშტაბური მიტინგი ბრატისლავაში, სლოვაკეთის ეროვნული აჯანყების მოედანზე გაიმართა. აქციის ინიციატორის, უმსხვილესი ოპოზიციური პარტია "პროგრესული სლოვაკეთის" მონაცემებით, დემონსტრაციაში დაახლოებით 25 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ზოგიერთ პლაკატზე ეწერა ლოზუნგები: "რუსებო, წადით სახლში!" და "არ მინდა ისეთი ქვეყანა, საიდანაც გაქცევა მომიწევს". დემონსტრანტების ნაწილმა სააგენტო AFP-ს განუცხადა, რომ უკმაყოფილოა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იურაი ბლანარის მოსკოვში ახლახან გამართული ვიზიტით.
შეკრებილები სკანდირებდნენ: "მოგვბეზრდა ფიცო!" და აფრიალებდნენ ტრანსპარანტებს პრემიერის ხელმძღვანელობით მოქმედი სამპარტიული მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.
როგორც AFP იხსენებს, ფიცოს ხელმძღვანელობით მოქმედმა მმართველმა კოალიციამ ცოტა ხნის წინ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა მას შემდეგ, რაც მისი რიგები რამდენიმე დეპუტატმა დატოვა. მას შემდეგ, ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს, თუმცა ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობა არ გააჩნია.




