პიტერ პელეგრინიმ, სლოვაკეთის პრეზიდენტმა, რომელმაც თანამდებობა დაიკავა 2024 წლის ზაფხულში, რუსეთიდან უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო, კიევში ვიზიტზე უარი თქვა. ამის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტმა შაბათს, 11 იანვარს, ადგილობრივ ტელეარხ STVR-ის ეთერში განაცხადა.

მედიის ცნობით, არჩევის შემდეგ, პელეგრინი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩასვლას აპირებდა - მსგავსი ვიზიტები მან უკვე განახორციელა ყველა მეზობელ ქვეყანაში. თუმცა, "როდესაც უკრაინის მთავრობამ და პრეზიდენტმა გადაწყვიტეს, შეწყვიტონ ჩვენი გაზის მიწოდება" და "უკრაინის პარლამენტი იღებს კანონს, რომელიც კრძალავს ნავთობის ტრანსპორტირებას სლოვაკეთში, თუმცა ჩვენ გვაქვს მოქმედი კონტრაქტები", პოლიტიკოსის თქმით, უკრაინაში მოგზაურობაზე საუბარი არ შეიძლება იყოს.

"თუ მხოლოდ ფოტოს გადასაღებად მომიწევს წასვლა და მეუბნებიან, რომ სლოვაკეთში არც ერთი წვეთი ნავთობი და გაზი არ შემოვა, იქ ნამდვილად არ უნდა წავიდე. ჩემზე ნურავინ გაბრაზდება", - აცხადებს იგი.

პელეგრინი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მოკავშირედ ითვლება, თუმცა, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ის არ არის ცნობილი თავისი ღიად პრორუსული პოზიციით. კერძოდ, სლოვაკეთის პრეზიდენტმა იმავე სატელევიზიო გადაცემაში ფიცოს მოუწოდა, "სამშობლოში დაბრუნდეს" და ქვეყნის შიდა პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. მანამდე, სლოვაკეთში ფიცოს წინააღმდეგ ორი აქცია გაიმართა იმ ფონზე, როცა პრემიერი 2024 წლის ბოლოს, პროტოკოლების დარღვევით, ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში არ იმყოფებოდა და იგი დააფიქსირეს ხუთვარსკვლავიან "კაპელა ჰანოში", რომელიც ვიეტნამის დედაქალაქში მდებარეობს და ერთი ოთახის ფასი ღამეში 6000 ევროზე მეტია.