Le Temps-ის ცნობით, შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ნიკოლა ბიდომ გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ ქვეყანა მზად არის, ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში, აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა გამართოს.
გამოცემის მიხედვით, ბიდომ უკრაინის მიერ შვეიცარიაში ჩატარებული მშვიდობის სამიტი ახსენა და თქვა, რომ მისი ჩატარების შემდგომ შვეიცარია უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს "მშვიდობის დამყარებისთვის ნებისმიერი დიპლომატიური ძალისხმევების მხარდაჭერის მზაობაზე" რეგულარულად ატყობინებდა.
"ბიურგენშტოკში სამიტის შემდეგ უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს რეგულარულად ვატყობინებდით ჩვენი მზაობის შესახებ, მშვიდობის დასამყარებლად ნებისმიერი დიპლომატიურ ძალისხმევას დავუჭიროთ მხარი". - თქვა ბიდომ Le Temps-თან საუბრისას.
ბიდოს თანახმად, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) მიერ პუტინის დაკავებაზე გაცემული ორდერი წინაღობა არ იქნება, რადგან შვეიცარიის ფედერალური საბჭო უფლებამოსილია, სამშვიდობო მოლაპარაკებების შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვას.