ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Dagens Nyheter ავრცელებს.

ენერგეტიკოსებსა და სამხედროებს შორის კონფლიქტი შვედეთის მთავრობამ ორი მხარის ინტერესების შეჯერების რთული და ხანგრძლივი პროცესის შემდეგ გადაჭრა.

მთავრობის გადაწყვეტილებით,  შვედეთის საზღვაო აკვატორიაში ქარის რვიდან ექვსი ელექტოსადგურის პროექტი არ იქნა მოწონებული. უარყოფილ პროექტთა შორის არის გიგანტური, 370-როტორიანი ქარის ელექტროსადგურის პროექტი კუნძულ გოტლანდის სამხრეთით.

სამხედროების თქმით, შეიარაღებული ძალებს შვედეთის უშუალო სიახლოვეს ოპერაციების გაძლიერება და გაფართოება დაევალათ, რაც ბალტიის და ბოტნიის ზღვებში მათი ყოფნის და პრაქტიკული ქმედებების განხორციელების მზარდ საჭიროებას წარმოშობს. ამ ყველაფრის ხელისშემშლელ გარემოებათა შორის ერთ-ერთი არის ქარის ელექტროსადგურები. 

შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, გასაგები მიზეზების გამო არ საუბრობენ იმ კონკრეტულ მიზეზებზე, რომელთა გამოც ისინი ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის წინააღმდეგ ილაშქრებენ. სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შეიარაღებულ ძალებს ქარის ელექტროსადგური არა მხოლოდ არეალს უზღუდავს, განსაკუთრებით, სხვა ქვეყნების ძალებთან ერთად ოპერაციების განხორციელების დროს, არამედ ხელს უშლის რადარების მუშაობას (წყალზე, წყალქვეშ, ხმელეთზე და სხვა ქვეყნებშიც კი), რადიო კავშირს და რადიო დაზვერვის წარმოებას.