გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ  ბერლინი მზად არ არის უკრაინას Taurus-ის ტიპის საჰაერო ბაზირების ზუსტი დამიზნების მქონე ფრთოსანი რაკეტები გადასცეს. ამის შესახებ მან ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ბერლინი კვლავ ძალიან ფრთხილად ეკიდება თითოეულ გადაწყვეტილებას.

„რათა დავინახოთ, რა შეიძლება, რას აქვს აზრი, რა წვლილი შეგვიძილა შევიტანოთ“, - აღნიშნა შოლცმა.

მისი თქმით, მსგავსი მიდგომა ეხება ისეთ შეიარაღებას, როგორიცაა Taurus-ის რაკეტები. იუწყება "დოიჩე ველე".

ამასთან, შოლცმა მიანიშნა, რომ სურვილი ექნებოდა, ამ საკითხთან დაკავშირებით მასზე ზეწოლა არ მოეხდინათ.

კანცლერმა გაიხსენა, რომ გერმანიამ უკრაინას არტილერიის, ტანკების საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და სხვა სახის შეიარაღების მიწოდების მხრივ დიდი დახმარება გაუწია. შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია აშშ-ის შემდეგ მეორე ქვეყანაა უკრაინისთვის გაწეული დახმარების კუთხით.

შეკითხვაზე რაკეტების გადაცემის შემთხვევაში შეიზღუდება თუ არა Taurus-ის რაკეტების მოქმედების რადიუსი, კანცლერმა განაცხადა, რომ ყველა საკითხზე მუშაობენ, თუმცა ამ თემაზე კომენტარს მხოლოდ მაშინ გააკეთებს, როდესაც რაიმის თქმის შესაძლებლობა  იქნება.

შოლცი ასევე არ დაეთანხმა გერმანიის მთავრობის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, რომ ბერლინი უკრაინისთვის რაკეტების გადაცემის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას აფერხებს, თუმცა აღნიშნა, რომ ვითარება რთულია. მისი აზრით, გერმანიის მოქალაქეების უმეტესობა მხარს უჭერს ბერლინის მიდგომას, როდესაც კიევის ყოველი თხოვნა სამხედრო დახმარების შესახებ მაშინვე არ სრულდება დადებითი პასუხით.

„გადაწყვეტილება უნდა იყოს ფრთხილად აწონილ-დაწონილი, მე მომავალშიც ასე მოვიქცევი და ვერავინ გადამახვევინებს ამ მიდგომისგან“, - განაცხადა კანცლერმა.

ცოტა ხნის წინ გამოცემა t-online იუწყებოდა, რომ გერმანიის მთავრობა, სავარაუდოდ, უკრაინას Taurus-ის ტიპის მქონე ფრთოსან რაკეტებს გადასცემდა.

Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტის გაშვება გამანადგურებლიდან ხდება, მას 500-მდე კილომეტრის სიშორეზე 400-კილოგრამიანი ქობინის გადატანა შეუძლია. ის მიჩნეულია ეფექტურ იარაღად დაცული სამიზნეების, მაგალითად, ბუნკერებისა და საბრძოლო მასალის საწყობების წინააღმდეგ.