სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მეორე დღეა გრძელდება. დემონსტრანტებმა მმართველი პარტიის ოფისის ფანჯრები ჩაამსხვრიეს, შევიდნენ და შესასვლელი საღებავით შეღებეს. იუწყება Reuters.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სერბეთის ქუჩებში ათასობით მომიტინგე დაბრუნდა.

პროტესტის თავდაპირველი მასშტაბის აღდგენა გუშინდელმა ღამემ გამოიწვია, როცა მშვიდობიან მომიტინგეებს, რომლებიც ქვეყნის დიდ ქალაქებში მსვლელობებს მართავდნენ ალექსანდრ ვუჩიჩის შეიარაღებული მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ, ქვეყნის პრეზიდენტმა კი რეპრესიებით დაიმუქრა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა პარასკევს, 15 აგვისტოს ღამით, განაცხადა, რომ დაახლოებით 30 ქალაქში, დაშავდა 42 პოლიციელი, მათ შორის 26 ბელგრადში, დაკავებულია 37.

სერბებმა ქალაქ ნოვი-სადში შეკრება საღამოდან დაიწყეს, ქუჩაში გამოსვლისკენ მოქალაქეებს სტუდენტურმა გაერთიანებამ მოუწოდა, რომელიც მთავრობას სამოქალაქო ომის პროვოცირებაში ადანაშაულებს. სანამ მომიტინგეები შეიკრიბებოდნენ, მმართველი პარტიის ოფისებთან უკვე იდგნენ მთავრობის მხარდამჭერები, რომლებიც საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს ფოიერვერკებსა და აალებად ნივთებს ესროდნენ, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მომიტინგეები ვუჩიჩის სერბეთის პროგრესული პარტიის ოფისში შეიჭრნენ, ორი ფანჯრები ჩაამსხვრიეს და ავეჯი გაიტაცეს. ბელგრადში ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეები ფოიერვერკებს ისროდნენ.

სერბეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის პირველ ნოემბერს ქალაქ ნოვი-სადში ახალგარემონტებული სარკინიგზო სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედიის შემდეგ სერბეთის მშენებლობის მინისტრმა, გორან ვესიჩმა თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით ის და კიდევ 13 პირი, რომლებიც რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქციასთან იყვნენ დაკავშირებულები, დააკავეს. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში მასშტაბური აქციები არ შეწყდა. დემონსტრანტები ტრაგედიის მიზეზად კორუფციას, დაუდევრობას და უსაფრთხოების ნორმების გაუთვალისწინებლობას ასახელებენ, რაც, მათი თქმით, გამოწვეულია სერბეთის ხელისუფლებაში არსებული ნეპოტიზმით.

2025 წლის იანვარში აქციების ფონზე თანამდებობა დატოვა სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა. ახალი მთავრობის მეთაური გახდა მედიცინის დოქტორი ჯურო მაცუტი, რომლის კანდიდატურაც ამ პოსტზე სერბეთის პრეზიდენტმა წარადგინა. აქციები სერბეთში ცხრა თვეა, გრძელდება.