საფრანგეთში 27 სექტემბერს გამართული სენატის არჩევნების შედეგად ორი ისტორიული მოვლენა დაფიქსირდა - მარინ ლე პენის „ეროვნულმა გაერთიანებამ“ ისტორიაში პირველად მოიპოვა სენატში ფრაქციის შექმნის უფლება, ხოლო ჟან-ლუკ მელანშონის „დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა“ პირველი მანდატი მოიპოვა ზედა პალატაში. მიუხედავად ამისა, პირველ ძალად კვლავ მემარჯვენე „რესპუბლიკელები“ რჩებიან.

საფრანგეთში 27 სექტემბერს გამართული სენატის არჩევნების შედეგად, ქვეყნის პოლიტიკური რუკა მნიშვნელოვნად შეიცვალა, თუმცა ძალთა ბალანსი უცვლელი დარჩა. სენატის 348 ადგილიდან 178 მანდატი განახლდა.

მიუხედავად რამდენიმე მანდატის დაკარგვისა, რესპუბლიკელები (LR) 130-მდე სენატორით კვლავ პირველ ძალად რჩებიან. შესაბამისად, სენატის მოქმედი თავმჯდომარე ჟერარ ლარშე, რომელიც თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს, 1 ოქტომბერს, სავარაუდოდ, კვლავ აირჩევა.



ისტორიული შედეგი RN-სთვის

არჩევნების მთავარი სიახლე ეროვნული გაერთიანების (RN) წარმატებაა. მარინ ლე პენისა და ჟორდან ბარდელას პარტიამ 10-ზე მეტი მანდატის მოპოვება შეძლო, რაც ისტორიაში პირველად აძლევს უფლებას, სენატში საკუთარი საპარლამენტო ჯგუფი შექმნას.

„ეს ისტორიული გამარჯვებაა და უმნიშვნელოვანესი ეტაპია“, - დაწერა მარინ ლე პენმა X-ზე.

ჯგუფის შექმნა RN-ს დამატებით კაბინეტებს, ფინანსურ რესურსს ახალი თანამშრომლების ასაყვანად, მედიაში მეტ ხილვადობას და წელიწადში ერთი საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლებას აძლევს. მისმა მოკავშირე UDR-მა (ერიკ სიოტის პარტია) 2 მანდატი მოიპოვა ზღვისპირა ალპებში.

„ჩვენი ჯგუფი სენატში დავიწყებული ტერიტორიების, სოფლის და იმ მერების ხმას წარმოადგენს, რომლებიც ხშირად დაშორებულნი არიან პარიზში მიღებული გადაწყვეტილებებისგან“, - აცხადებს ბარდელა.

LFI პირველად სენატში

მეორე ისტორიული მოვლენა - ჟან-ლუკ მელანშონის „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ (LFI) პირველად შევიდა სენატში. თავდაპირველად პარიზში მარტა პესინიამ 3 ხმით წააგო.

LFI-ს კოორდინატორმა მანუელ ბომპარმა დამარცხებაში ეკოლოგები დაადანაშაულა ერთიანი სიის არშექმნის გამო. საბოლოოდ, LFI-მ წარმატებას რონში მიაღწია, სადაც დეპუტატი გაბრიელ ამარი, ჟან-ლუკ მელანშონის სიძე, სენატორად აირჩიეს. 

„LFI ყველა დეპარტამენტში იმაზე მეტ ხმას იღებს, ვიდრე მას მას სენატის ამომრჩევლები - ადგილობრივი არჩევითი ორგანოების წარმომადგენლები, ძირითადად მერები - ჰყავს. ეს კარგი ნიშანია 2027 წლისთვის“, - დაწერა მელანშონმა.

რეტაიო და სხვა ლიდერები

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და LR-ის პრეზიდენტმა ბრუნო რეტაიომ ვანდეაში მანდატი შეინარჩუნა - მისმა სიამ 62%-ზე მეტი მიიღო. კომფორტულად, პირველივე ტურში გადაირჩნენ დამოუკიდებელთა ლიდერი კლოდ მალიურე და რესპუბლიკელ სენატორთა ლიდერი მატიუ დარნო.

მემარცხენეებმა რამდენიმე მანდატი დაკარგეს - სოციალისტებმა კრეზში, ეკოლოგებმა ჟირონდასა და ელზასში, რაც მარტში ბორდოსა და სტრასბურგში მუნიციპალური არჩევნების წაგების შედეგია.

წყარო: BFMTV, Le Monde

მოამზადა რაულ კაპანაძემ