შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა ამ კვირაში ირანის წინააღმდეგ დარტყმების მესამე რაუნდი დაიწყეს, ამჯერად ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემზე თავდასხმის საპასუხოდ.
შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ცნობით, დარტყმები ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ კვიპროსის დროშის ქვეშ მცურავ კონტეინერმზიდ M/V GFS Galaxy-ზე სრუტეში თავდასხმის საპასუხოდ განხორციელდა. სარდლობამ განაცხადა, რომ ირანის დარტყმამ GFS Galaxy-ზე ხანძარი გამოიწვია. ეკიპაჟის ერთი სამოქალაქო წევრი დაკარგულია და გემი მწყობრიდანაა გამოსული.
„ირანს კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცა, ეჩვენებინა თავისი ერთგულება ურთიერთგაგების მემორანდუმის მიმართ, მას შემდეგ, რაც მას პასუხისმგებლობა დაეკისრა სავაჭრო გემებზე წინა თავდასხმებისთვის, მაგრამ მან ეს კვლავ ვერ შეძლო“, - ნათქვამია შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
ამ განცხადებამდე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ, „სეფაჰ ნიუსმა“, Telegram-ზე გაავრცელა ინფორმაცია ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემის მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლის და სრუტის დახურვის შესახებ.
ირანის სახელმწიფო სატელევიზიო არხმა IRIB-მა ქვეყნის სამხრეთში ახალი აფეთქებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. სამი აფეთქება დადასტურდა ბენდარ-აბასსა და სირიკში, ორი აფეთქება მოხდა ჩაბაჰარში, ხოლო ხუთი - ბუშერის პროვინციის ბენდარ-ე-დეირში. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ოთხი აფეთქება გაისმა ბუშერის პროვინციის ქალაქ ასალუიეში.
შეერთებული შტატების ომის მინისტრი პიტ ჰეგსეთმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ირანმა ცუდი არჩევანი გააკეთა. ახლა ისინი იხდიან ფასს“.
„ალ-ჯაზირას“ ცნობით, ირანელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ აშშ-ის ბოლოდროინდელი დარტყმები „პასუხის გარეშე არ დარჩება“.




