საუდის არაბეთის ხელისუფლება პრინცებთან და მილიარდერებთან მოლაპარაკებებს ასრულებს, რომლებიც უკანასკნელ თვეებში ერ-რიდში „რიც კარლტონის“ სასტუმროში, პატიმრობაში იმყოფებოდნენ. ინფორმაციას სააგენტო Bloomberg ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ 90 ადამიანი უკვე დათანხმდა მათ პირობებს და გათავისუფლა, ხუთი კი მათ მიერ შეთავაზებულ წინადადებას ამ დრომდე განიხილავს.

გათავისუფლების სანაცვლოდ საუდის არაბეთი პრინცებისგან 100 მილიარდ დოლარზე მეტს მოითხოვს.

ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულთან მოლაპარაკებები იანვრის ბოლოს დასრულდება. საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურორმა შეიხ საუდ ალ-მოჯებმა კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ "კორუფციასთან ბრძოლის ახალი ერა იწყება".

6 იანვარს,საუდის არაბეთში, თერთმეტი პრინცი მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ მეფის ბრძანებულება გააპროტესტეს. სასახლეში შეკრებილი პრინცები მეფის ბრძანების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლითაც პრინცების მიერ მოხმარებული წყლისა და ელექტროენერგიის საფასურის გადახდა შეწყდა.

პრინცებს განუცხადეს, რომ მათი მოთხოვნები უკანონო იყო, თუმცა მათ სასახლის დატოვებაზე უარი განაცხადეს. აღნიშნულის შედეგად, მეფემ გამოსცა ბრძანება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ის სიტუაციის მოგვარებას შეეცდებოდა. პრინცები დააკავეს და „ალ-ჰაიერის“ ციხეში მოათავსეს, სადაც ისინი სასამართლო პროცესის გამართვამდე დარჩებიან.