აშშ-ის შტატ ოჰაიოში, ქალაქ ჰამდენში, სამართალდამცველებმა 16 არასრულწლოვანი იხსნეს, რომლებიც "საშინელებათა სახლად" წოდებულ საცხოვრებელში საზარელ პირობებში ცხოვრობდნენ. მომხდართან დაკავშირებით ოჯახის ოთხი წევრია დაკავებული.

ოფიციალური ინფორმაციით, ბავშვები - 18 თვიდან 18 წლამდე ასაკის ბიჭები და გოგონები - ბოლო 4 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, ერთ პატარა, დაახლოებით 3.5-კვადრატულმეტრიან ოთახში ჰყავდათ ჩაკეტილი.

სამართალდამცველებს ადგილზე "სულის შემძვრელი" სურათი დახვდათ: სახლი სავსე იყო ნაგვითა და ადამიანური განავლით. ოჰაიოს გენერალურმა პროკურორმა, ენდი უილსონმა მომხდარს "სუფთა ბოროტება" უწოდა და აღნიშნა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შემთხვევა მის კარიერაში.

"ბავშვები თითქმის გარეულ ცხოველებს ჰგავდნენ. ზოგიერთი მათგანი საერთოდ ვერ მეტყველებდა, ხოლო 18 წლის მოზარდმა საკუთარი სახელის დაწერაც კი არ იცოდა", - განაცხადა უილსონმა.

ვინტონის ოლქის შერიფის, რაიან კეინის თქმით, ბავშვების საცხოვრებელი პირობები გაცილებით უარესი იყო, ვიდრე პირუტყვისთვის განკუთვნილი სადგომი.

დაკავებულია ოჯახის ოთხი წევრი (მშობლები და ბებია-ბაბუა). მათ ბრალი ედებათ ბავშვების სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაგდებაში. თითოეულს 300 000 აშშ დოლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ; სასამართლოში მათ თავი დამნაშავედ არ ცნეს.

ბავშვები შემთხვევით აღმოაჩინეს, როდესაც პოლიცია სახლში სხვა გამოძიების ფარგლებში ჩხრეკის ორდერის საფუძველზე შევიდა.

შვიდი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ნაწილი ვერტმფრენით იქნა ტრანსპორტირებული. სამედიცინო ექსპერტების განცხადებით, ბავშვების გადარჩენა შესაძლოა ბოლო მომენტში მოხდა - კიდევ 24 საათის დაგვიანების შემთხვევაში შედეგი ფატალური იქნებოდა.

გამოძიების ცნობით, ოჯახი წლების განმავლობაში მალავდა ბავშვების არსებობას, ისინი არცერთ სასკოლო თუ სამედიცინო რეესტრში არ ფიქსირდებოდნენ და იზოლირებულად ცხოვრობდნენ. ამჟამად ბავშვები ოჰაიოს სოციალური სამსახურების მზრუნველობის ქვეშ იმყოფებიან და გადიან შესაბამის სამედიცინო და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.