აშშ-ში, ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოს პოლიციამ ერთ-ერთ დამკრძალავ ბიუროში გახრწნის მდგომარეობაში მყოფი 57 ცხედარი აღმოაჩინა. სკანდალური ობიექტის მფლობელებს კანონდარღვევები წარსულშიც უფიქსირდებოდათ.

დამკრძალავ ბიუროში, მიცვალებულებს, თვეების განმავლობაში, სანიტარიული ნორმების დარღვევითა და გაუგონარ პირობებში ინახავდნენ. ტელეკომპანია ABC7-ის ცნობით, ადგილზე ასევე იპოვეს 50-ზე მეტი გარდაცვლილის ფერფლი. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება ცხედრების იდენტიფიცირებისთვის.

"შოკირებული ვარ. სამხრეთ რაიონის დამკრძალავ ბიუროში გახრწნილი გვამების აღმოჩენა საშინელი ფაქტია“, - განაცხადა ილინოისის შტატის მთავარმა საფინანსო ზედამხედველმა (კონტროლიორმა), სუზანა მენდოსამ.

გამოცემა Chicago Sun-Times-ის ცნობით, ადგილობრივები აცხადებენ, რომ აუტანელი სუნი სამეზობლოში ჯერ კიდევ გასულ ზამთარს გავრცელდა.

დაზარალებული ოჯახები აცხადებდნენ, რომ მიცვალებულთა ცხედრები საერთოდ ვერ მიიღეს, ან ფერფლის გადაცემა თვეობით უგვიანდებოდათ. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ხელისუფლებამ ობიექტს საქმიანობის ლიცენზია შეუჩერა, ადგილზე მისულმა პოლიციამ კი აღმოაჩინა, რომ შენობაში მაცივრები არ მუშაობდა და ცხედრები გახრწნის სხვადასხვა სტადიაში იმყოფებოდა.

ხელისუფლებამ ნაშთების გადასვენება კუკის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში დაიწყო. ექსპერტების ამოცანა ცხედრების მდგომარეობის შეფასება და მათი იდენტიფიცირებაა, რასაც რამდენიმე დღე დასჭირდება.

მომხდარს გამოეხმაურა ჩიკაგოს მერი ბრანდონ ჯონსონიც. მან ინფორმაციას „ღრმად შემაშფოთებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ფიქრებით იმ ოჯახების გვერდითაა, რომლებიც პასუხებს ელოდებიან.

საქმეს კიდევ უფრო სკანდალურს ხდის ის გარემოება, რომ ბიუროს ორ მმართველს მსგავსი დარღვევები წარსულშიც უფიქსირდებოდა. 2025 წელს სუზანა მენდოსამ უკვე დახურა ერთ-ერთი მფლობელის კრემატორიუმი, სადაც ასამდე ცხედარი არასათანადო პირობებში ინახებოდა. სერიოზული დარღვევებისთვის პასუხისმგებლობა მეორე მმართველსაც არაერთხელ დაკისრებია.