საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს მუსტაფა ჩიფთჩის, რომელიც ოფიციალური ვიზიტით თბილისში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, შინაგან საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა თურქ კოლეგასა და დელეგაციის წევრებთან გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები.

„შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით სამომავლო პრიორიტეტები განსაზღვრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობაზე.

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას და მისი შემდგომი განვითარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრის დასასრულს თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში მიწვევისა და ნაყოფიერი შეხვედრისთვის და საპასუხო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში მიიწვია.

ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის მინისტრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.