საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობასა და სურსათის მრეწველობის ეროვნულ ასოციაციას (ANIA) შორის გამართულ შეხვედრაზე სურსათის სამოცდათხუთმეტმა უმსხვილესმა მწარმოებელმა „რამდენიმე ასეულ ყოველდღიურ სამომხმარებლო პროდუქტზე" ფასების შემცირებაზე აიღო ვალდებულება

სურსათის მწარმოებლები ამ ნაბიჯზე იმიტომ დათანხმდნენ, რომ „საბითუმო ბაზრებზე ფასები ეცემა“. ჩვეულებრივ, „როდესაც საბითუმო ფასები ეცემა" საცალო ფასის დაცემისთვის საჭიროა სამი, ოთხი, ხუთი თვე, ამჯერად კი მათ დაუშვეს „ადრეული ინდექსაცია". მათ ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს, მაგრამ წინა წლებთან შედარებით საკმაოდ გაზრდილი მარჟის წყალობის ეს ზარალი უკვე დაფარულია, - განმარტა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა ბრუნო ლე მერმა პრესასთან საუბარში.

მწარმოებლებმა სრული სია „შემდეგ კვირას" უნდა მიაწოდონ ეკონომიკის მინისტრს, მაგრამ უკვე ცხადია, რომ გაიაფება ხორბლის ფასის დაცემის გამო შეეხება მაკარონს, ბურღულეულს, ფრინველის ხორცს.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ გარკვეულ საკვებ პროდუქტებზე, როგორიცაა ღორის ან საქონლის ხორცი, ან თუნდაც რძე, ფასის დაკლება გამორიცხულია წარმოების მაღალი ხარჯების გამო.

ბრუნო ლე მერმა პირობა დადო, რომ ფხიზლად იქნება და კონკურენციის, მომხმარებელთა საქმეთა და თაღლითობის პრევენციის გენერალური დირექტორატთან (DGCCRF) ერთად შესაბამის შემოწმებებს ჩაატარებს.

„ნდობა - კარგია, კონტროლი - უკეთესი" - თქვა მინისტრმა და შემდეგ განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმ პირებს, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ამ მიზნის მიღწევაში, არა მხოლოდ სახელების გამოქვეყნების, არამედ ზედმეტად დიდი მარჟის გამო გადასახადის დაწესების საფრთხე ემუქრებათ.