უკრაინა რუსეთის უდიდესი ონლაინ-საცალო ქსელის, Wildberries-ის საწყობებს ინტენსიურად ბომბავს. კიევის მიზანი მხოლოდ მოსკოვის სამხედრო პოტენციალის შესუსტება არ არის, დარტყმის ქვეშ ექცევა ქვეყნის ეკონომიკის საყრდენებიც, რათა ლოგისტიკური ჯაჭვები მოიშალოს და რუსეთისთვის ომის ფასი კიდევ უფრო გაიზარდოს.
ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების, საწვავის ბაზებისა და შეიარაღების საწარმოების შემდეგ, უკრაინის სამიზნეში ახლა რუსული ეკონომიკის კიდევ ერთი გიგანტი - Wildberries-ი მოხვდა. თუმცა, ამ კომპანიაზე თავდასხმით კიევი არ უტევს კრიტიკულ ენერგოინფრასტრუქტურას ან რაკეტებისა და დრონების მწარმოებლებს; სამიზნე არის პლატფორმა, სადაც მილიონობით რუსი ყოველდღიურად ყიდულობს კოსმეტიკას, ჯინსებს, პარფიუმერიას, ტელეფონებსა თუ მტვერსასრუტებს.
"რუსულ ამაზონად“ წოდებული ელექტრონული კომერციის გიგანტი უკრაინული დრონების იერიშის ქვეშ რეგულარულად ექცევა. ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, უკრაინამ იერიში მიიტანა კომპანიის რამდენიმე უზარმაზარ ლოგისტიკურ ცენტრზე. ეს იმაზე მიუთითებს, რომ კიევი თავის სტრატეგიას აფართოებს და დარტყმებს აყენებს ინფრასტრუქტურას, რომელიც ერთდროულად ამუშავებს სამოქალაქო ეკონომიკასაც და, უკრაინული მხარის შეფასებით, რუსეთის სამხედრო მანქანასაც.
Wildberries-ი 2004 წელს ტატიანა კიმმა მოსკოვში, საკუთარ ბინაში დააფუძნა. 20 წელიწადში ის რუსეთის N1 ელექტრონულ მაღაზიად იქცა. კომპანიის მონაცემებით, ის დღეში დაახლოებით 20 მილიონ შეკვეთას ამუშავებს მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული 3 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობის საწყობების მეშვეობით. ისეთ დიდ მეტროპოლიებში, როგორებიცაა მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი, Wildberries-ს ყველა იცნობს. პროდუქციის გაცემის პუნქტები რუსულ ქალაქებში ყოველ ნაბიჯზე გვხვდება ისევე, როგორც Amazon-ის ამანათების ოფისებია ევროპასა თუ აშშ-ში.
კომპანიის ეკონომიკური წონა უზარმაზარია. თავის მთავარ კონკურენტ Ozon-თან ერთად, Wildberries-ი კრემლის მიერ წახალისებული „ეკონომიკის პლატფორმიზაციის“ მთავარ ძრავად იქცა.
სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, რომ ეს ორი ჯგუფი რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) თითქმის 8,5%-ს შეადგენს და პირდაპირ თუ ირიბად 4 მილიონზე მეტ ადამიანს ასაქმებს. უშუალოდ Wildberries-ზე მოდის რუსეთის ონლაინ-შეკვეთების დაახლოებით 52%, ხოლო პლატფორმაზე 800 000-მდე გამყიდველია დარეგისტრირებული (ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესი).
კომპანიის ხელმძღვანელი, ტატიანა კიმი, რუსეთის უმდიდრესი ქალი გახდა. იგი 1975 წელს გროზნოში, კორეული წარმოშობის ოჯახში დაიბადა. ტატიანა კიმმა (ყოფილი ბაკალჩუკი) კარიერა ინგლისური ენის მასწავლებლობით დაიწყო. 2004 წელს, პირველი შვილის შეძენის შემდეგ, დეკრეტულ შვებულებაში მყოფმა ოჯახური შემოსავლის გაზრდა გადაწყვიტა. ვინაიდან ტანსაცმლის სასურველ მაღაზიებს ვერ პოულობდა, მან ინტერნეტით იმ დროისთვის პოპულარული გერმანული კატალოგების — Otto-სა და Quelle-ს ტანსაცმლის გაყიდვა დაიწყო.
2000-იანი წლების რუსეთში, სადაც ონლაინ-ყიდვებს ეჭვით უყურებდნენ, კიმმა ნოვატორული ნაბიჯი გადადგა და გადახდის სისტემა მხოლოდ პროდუქტის მიღებისას დაანერგა. 2010-იან წლებში ინტერნეტისა და სმარტფონების ბუმმა Wildberries-ის სწრაფი ზრდა განაპირობა. ტანსაცმლის პატარა მაღაზია უზარმაზარ ონლაინ-ბაზრად (Marketplace) იქცა, სადაც დღეს აბსოლუტურად ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი.
დღეს 50 წლის ტატიანა კიმი რუსეთის უმდიდრესი ქალია, რომლის ქონებასაც Forbes-ი 8,1 მილიარდ დოლარად აფასებს. 7 შვილის დედას ადგილობრივ მედიაში ხშირად „რუს ჯეფ ბეზოსად“ მოიხსენიებენ.
უკრაინულმა იერიშებმა კომპანიის ხელმძღვანელს სერიოზული დარტყმა მიაყენა. ოთხშაბათს ტატიანა კიმმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე Wildberries-ის ორ ლოგისტიკურ პლატფორმას ღამით დრონები დაესხნენ თავს, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს იერიში განხორციელდა ცენტრალურ რუსეთში მდებარე საწყობებზე თავდასხმიდან ოთხი დღის შემდეგ. რუსული ხელისუფლების ცნობით, მაშინ თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა.




