რუსეთში საავიაციო საწვავთან დაკავშირებით კრიტიკული ვითარება შეიქმნა და ფრენების შესრულება "სრულად კარგავს ეკონომიკურ აზრს". ამის შესახებ საუბარია ავიაკომპანია აზიმუტის განცხადებაში, რომელიც კომპანიამ საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატანტთა ასოციაციას (АЭВТ) გაუგზავნა. 

აზიმუტი არის ერთ-ერთი რუსული ავიაკომპანია, რომელსაც ფრენები საქართველოს მიმართულებითაც აქვს.

კომპანიის ინფორმაციით, ივნისის დასაწყისში მისმა მთავარმა ავიასაწვავის მიმწოდებელმა განაცხადა, რომ საჭირო იყო მოხმარების დაახლოებით მესამედით შემცირება ადრე შეთანხმებულ მოცულობებთან შედარებით. მიზეზად დასახელდა ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებში შექმნილი "ფორსმაჟორული ვითარება" და, შესაბამისად, ბაზარზე საავიაციო საწვავის მოცულობის შემცირება.

აზიმუტში ამბობენ, რომ საჭირო რაოდენობის ავიასაწვავი არც ალტერნატიულ მომწოდებლებს გააჩნიათ .

ამასთან, საწვავის დეფიციტის პარალელურად, მკვეთრად გაიზარდა მისი ფასიც. ავიაკომპანიის ცნობით, ივნისის დასაწყისიდან რუსეთის აეროპორტებში ავიასაწვავის ფასი საშუალოდ 17%-ით გაიზარდა, ხოლო, მაგალითად, მახაჩყალაში ნავთის ღირებულება 64%-ით გაიზარდა და 157 ათას რუბლს მიაღწია.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ შექმნილ პირობებში დაგეგმილი ფრენების პროგრამის შესრულება "სრულად კარგავს ეკონომიკურ აზრს" როგორც საერთაშორისო, ისე შიდა მიმართულებებზე. აზიმუტმა АЭВТ-ს მიმართა თხოვნით, რომ რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდოს.