რუსმა მესაზღვრეებმა ოფიციალურად დატოვეს ერევნის აეროპორტი. რუსი მესაზღვრეები ზვარტნოცის აეროპორტში სომეხ კოლეგებთან ერთად 1992 წლიდან იმყოფებოდნენ. მათ ერევნის აეროპორტის ტერიტორია სომხეთის მოთხოვნის საფუძველზე დატოვეს.
საჰაერო-გამშვებ პუნქტზე სახელმწიფო საზღვრის დაცვის სომხური მხარისთვის გადაბარების შესახებ პროტოკოლს ხელი სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ნაწილების ძალების მეთაურმა, ედგარ უნანიანმა და სომხეთში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა რომან გოლუბიცკიმ მოაწერეს.
დოკუმენტში სომხური მხარე რუს მესაზღვრეებს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მათ საქმიანობასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზიები არ გააჩნია.
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა აეროპორტ ზვარტნოცში საპასპორტო კონტროლის შემოწმება უკვე შეაჩერეს.