რუსულმა ბაზარმა ინდოეთიდან საწვავის იმპორტი დაიწყო — ქვეყანაში ბენზინის პირველი პარტია უკვე შევიდა. მსგავსი რამ, რომ ქვეყანამ, რომელიც ტრადიციულად, ნავთობპროდუქტების უმსხვილესი ექსპორტიორია, საწვავი ინდოეთიდან შეიძინოს, ისტორიაში პირველად მოხდა.
აღნიშნული ნაბიჯის მთავარი მიზეზი რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომია. უკრაინული ძალების მხრიდან რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე მიმართულმა უწყვეტმა და მასშტაბურმა დრონებით შეტევებმა რუსეთის შიდა ინფრასტრუქტურასა და საწვავის წარმოებაზე მძიმე დარტყმა მიიტანა. გადამმუშავებელი ქარხნების ნაწილის შეფერხებამ, ან შეჩერებამ ქვეყნის შიგნით საწვავის მწვავე დეფიციტი და ბაზრის რყევები გამოიწვია.
კრიზისის შესარბილებლად მოსკოვი იძულებული გახდა, ექსპორტზე მკაცრი შეზღუდვები დაეწესებინა და ალტერნატიული წყაროებისთვის მიემართა. საწვავი ძირითადად მეზობელი ბელარუსიდან და ყაზახეთიდან შემოაქვთ, თუმცა სიტუაციის სიმწვავის გამო, პირველად, გლობალური ლოგისტიკური ჯაჭვიც ჩაირთო და საწვავი შორეული ინდოეთიდანაც ჩამოიტანეს.
მონაცემთა ანალიტიკური კომპანიების ცნობით, ბენზინის პირველი პარტია (დაახლოებით 42 000 ტონა) ინდოეთში, ვადინარის გადამმუშავებელ ქარხანაში ჩაიტვირთა. საინტერესოა, რომ ეს ქარხანა ნაწილობრივ რუსული სახელმწიფო გიგანტის, "როსნეფტის" მფლობელობაშია.
იმის გამო, რომ ტრადიციული მარშრუტები და სანქციები ართულებს პირდაპირ ტრანსპორტირებას, ტვირთი რთული ლოგისტიკური ჯაჭვით — ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტისა" და ეგვიპტის სანაპიროებთან გემიდან გემზე გადატვირთვის მეთოდით იქნა ტრანსპორტირებული რუსულ პორტებამდე.
ენერგეტიკული ბაზრის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს ფაქტი მკაფიოდ უსვამს ხაზს რუსეთის საწვავის შიდა ბაზარზე არსებული დისბალანსის სიმძიმეს. მიუხედავად იმისა, რომ იმპორტირებული მოცულობები მთლიან დეფიციტს სრულად ვერ ფარავს, ომის პირობებში განხორციელებული ეს "შებრუნებული მიმართულება" აჩვენებს, თუ როგორ ცვლის გეოპოლიტიკური კონფლიქტები და სანქციები ტრადიციულ ენერგეტიკულ ნაკადებს.




