ამის შესახებ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი შტატგარეშე მრჩეველი რუსეთის ფედერაციის სამხედრო სასამართლოში დამნაშავედ ცნეს ტერორიზმის წაქეზებასა და რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელებაში.

„ყველა ჩადენილი დანაშაულისთვის არესტოვიჩს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, სასჯელის პირველი სამი წლის ციხეში, დანარჩენი ნაწილის კი საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში მოხდით. სასამართლომ მას ოთხი წლის ვადით აუკრძალა ელექტრონული ან საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელების გამოყენებით ვებსაიტებისა და არხების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საქმიანობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, არესტოვიჩი დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 205.2 მუხლის მე-2 ნაწილით (ელექტრონული და საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელების გამოყენებით ტერორისტული საქმიანობის ჩადენის საჯარო მოწოდება) და რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლის მე-2 ნაწილით (რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ მონაცემების შემცველი განზრახ ცრუ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება, სანდო ინფორმაციის საფარქვეშ).

რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, დადგინდა, რომ 2022 წლის 17 მარტს, არესტოვიჩმა, რომელიც იმ დროს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტატგარეშე მრჩეველი იყო, სოციალურ ქსელებში თავის ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნებულ პოსტებში და ვიდეომიმართვაში რუსეთის ჯარების ტრანსპორტირებისა და მომარაგებისთვის გამოყენებული რკინიგზის განადგურებისკენ მოუწოდებდა. გარდა ამისა, 2022 წლის 8 აპრილს, არესტოვიჩმა ონლაინ განათავსა განზრახ ცრუ შეტყობინება რუსეთის შეიარაღებული ძალების პერსონალის მიერ კრამატორსკის რკინიგზის სადგურის სავარაუდო დაბომბვის შესახებ, რომლის შედეგადაც სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 100 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ