რუსეთის ფედერაციამ სომხეთიდან რძისა და რძის პროდუქტების შეტანაზე შეზღუდვები დააწესა. რუსეთის შესაბამისი მარეგულირებელი უწყებების გადაწყვეტილებით, აკრძალვა უკვე ამოქმედდა, რაც სომხურ მწარმოებლებს რუსულ ბაზარზე წვდომას უზღუდავს.
რუსული მხარის ოფიციალური განცხადებით, შეზღუდვების დაწესების საფუძველი სანიტარიული და ვეტერინარული ნორმების დარღვევა, ასევე, საწარმოებში ხარისხის კონტროლის არასაკმარისი მექანიზმები გახდა.
რუსეთის ბაზარი სომხური რძის პროდუქტებისთვის (განსაკუთრებით, ყველის სხვადასხვა სახეობისთვის) ერთ-ერთი მთავარი და ტრადიციული საექსპორტო მიმართულებაა. აკრძალვა ადგილობრივ მწარმოებლებსა და ფერმერებს სერიოზულ ფინანსურ ზარალს მიაყენებს.
სომხეთის შესაბამისი უწყებები და ბიზნესსექტორი ახლა იძულებულნი არიან, წარმოშობილი კრიზისის დასაძლევად დიპლომატიური არხები გამოიყენონ, პარალელურად კი, პროდუქციის რეალიზაციისთვის ალტერნატიული საექსპორტო ბაზრების მოძიება დაიწყონ.




