რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის 347 მოქალაქეს. შესაბამისი განცხადება თანდართული სიით რუსეთის დიპლომატიური დეპარტამენტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა. რუსეთში ვიზიტის აკრძალვის მიზეზი ქვეყნის მიმართ „მტრული დამოკიდებულებაა“ .
სიაში მოხვდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნების მინისტრები, პარლამენტის წევრები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალისტები.
სიის სათავეში ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვაირა ვიკე-ფრაიბერგა არის. მას მოჰყვება კიდევ ორი ათეული ადამიანი, რომლებიც "რუსეთის მიმართ ყველაზე მტრულად არიან განწყობილი" და მათ შორის არიან ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი "აქტიურად ლობირებენ სანქციების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ, ერევიან რუსეთის საშინაო საქმეებში და დევნიან რუსულენოვან მოსახლეობას".