რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა სარატოვისა და რიაზანის ოლქებში ორ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე მიიტანეს იერიში, რითაც მოსკოვსა და კიევს შორის ენერგეტიკული ზავი დაარღვიეს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ეს ბრალდებები უარყვეს, ხოლო საგამოძიებო გამოცემა The Insider-მა ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ იპოვა.
ნოვაკის თქმით, დარტყმების შესახებ ცნობები ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანიებისგან მიიღეს. იგი ამტკიცებს, რომ უკრაინელი სამხედროების სამიზნე რუსეთის ორ რეგიონში მდებარე საწარმოები გახდა.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა კომუნიკაციების საკითხებში, დმიტრო ლიტვინმა, რუსული მხარის განცხადებას ყალბი უწოდა. მისი თქმით, დარტყმის სამიზნე მონაცემთა დამუშავების ცენტრი და კიდევ რამდენიმე ობიექტი გახდა, თუმცა ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმა არ განხორციელებულა.
14 ოქტომბრის დილას უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ სარატოვისა და რიაზანის ოლქებში იუწყებოდნენ. ეს რეგიონები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშიც ფიგურირებს. თავდასხმის შესახებ ინფორმაცია თვითმხილველებმაც დაადასტურეს.
სარატოვის ოლქში დრონები Sberbank-ის მშენებარე მონაცემთა დამუშავების ცენტრს მოხვდა. რეგიონის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა დარტყმა დაადასტურა და საცხოვრებელი სახლების დაზიანების შესახებ განაცხადა, თუმცა ენერგეტიკულ საწარმოებზე ნგრევა არ უხსენებია.
NASA FIRMS-ის ხანძრების რუკაზე, რომელიც The Insider-მა გააანალიზა, სამრეწველო ზონაში ხანძრის რამდენიმე კერა ფიქსირდება. მათი უმეტესობა მშენებარე მონაცემთა დამუშავების ცენტრისა და მეტალურგიული ქარხნის სიახლოვეს მდებარეობს.
სარატოვის მსხვილი ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის მიდამოებში, რომელიც წარსულშიც არაერთხელ გამხდარა უკრაინის დარტყმების სამიზნე, რუკაზე ხანძრის კერები არ ფიქსირდება. თავდასხმის დამადასტურებელი ვიდეოები არც მონიტორინგის Telegram არხებს გამოუქვეყნებიათ.
რიაზანის ოლქში დილის იერიშის შედეგად ნგრევის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. გუბერნატორმა პაველ მალკოვმა შვიდი ჩამოგდებული დრონის შესახებ დაწერა და განაცხადა, რომ არავინ დაშავებულა. თავდასხმის შედეგების შესახებ ინფორმაცია არც ადგილობრივ მედიაში და არც Telegram არხებში არ გამოქვეყნებულა.




