უკრაინაში ომში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ენერგეტიკული ზავის მიუხედავად, 13 ოქტომბერს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევში ენერგეტიკულ ობიექტებს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. ეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის Telegram-ზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა.
როგორც ერთ-ერთ პოსტშია აღნიშნული, დარტყმის სამიზნე გახდა თბოელექტროცენტრი-4 — "კიევის ერთ-ერთი მთავარი ენერგოობიექტი". თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, დასძინა ზელენსკიმ დეტალების დაკონკრეტების გარეშე. მთლიანობაში, რუსეთმა კიევის, კიევის ოლქისა და ხარკოვის მიმართულებით 39 ბალისტიკური რაკეტა და 120-ზე მეტი დამრტყმელი დრონი გაუშვა, წერს ზელენსკი.
მისი თქმით, სულ მცირე, 600 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა და შესაძლოა, კიდევ უფრო მასშტაბური გათიშვები დაიწყოს.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ რაკეტა ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, დესნიანსკის რაიონში მდებარე ცხრასართულიან სახლს მოხვდა. ხანძარი ქვედა რვა სართულზე მდებარე ბინებში გაჩნდა. პუბლიკაციის მომენტისთვის, დედაქალაქის მერის სიტყვებით, 21 დაშავებულის შესახებ იყო ცნობილი. კლიჩკოს თქმით, რუსული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა შორისაა რვა წლის ბავშვი. "16 დაჭრილის ჰოსპიტალიზაცია მედიკოსებმა მოახდინეს. ოთხი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა", — აღნიშნა მერმა.
მოგვიანებით, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განმარტეს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. დესნიანსკის რაიონში მრავალსართულიან სახლზე დარტყმის შემდეგ 400 კვადრატული მეტრი ფართობის ხანძარი ჩააქრეს.
როგორც კლიჩკო წერს, კიევისა და ოლქის ენერგოობიექტები მასიური სარაკეტო დარტყმის სამიზნე გახდა. დედაქალაქში ელექტრომომარაგების კუთხით შეფერხებებია.
პრეზიდენტ ზელენსკის მტკიცებით, პარტნიორებს უკრაინა რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ არ გაუფრთხილებიათ. "ეს ნამდვილად უსამართლობაა, როდესაც ისინი ენერგეტიკასაც ანადგურებენ და უკრაინა ბალისტიკის გაშვების შესახებ გაფრთხილებასაც კი არ იღებს. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ამაზე არ დუმდეს. და მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა რეალურად ხედავდეს, თუ რა ხდება და ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ომი გრძელდება", — დაწერა სახელმწიფოს მეთაურმა Telegram-ზე. უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი ბალისტიკური რაკეტების ახალ გაშვებებს ამზადებს, დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
"მიზანმიმართული რუსული ბალისტიკური დარტყმა სწორედ იმ ენერგეტიკაზე განხორციელდა, რომელთან დაკავშირებითაც აშშ-ის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. დარტყმა აბსოლუტურად გააზრებული და თავისი მასშტაბებით თვალსაჩინოა — ამერიკის მიმართ რუსეთის მხრიდან ასეთი სადემონსტრაციო უპატივცემულობა ჯერ არ ყოფილა", — წერს ზელენსკი.




