ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტოები ავრცელებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო არტილერიის სამმართველოს უფროსი დამირ დავიდოვი მოსკოვის მახლობლად, ბალაშიხაში, საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს, - წერს, კონკრეტული წყაროების მითითების გარეშე, რუსეთის უსაფრთხოების ძალებთან მჭიდროდ დაკავშირებული ტელეგრამის არხი „ВЧК-ОГПУ“.

ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

უკრაინული მედიის ცნობით, 57 წლის პოლკოვნიკი დამირ დავიდოვი ბალაშიხაში, კოჟედუბის ქუჩაზე ცხოვრობდა. ეს ქუჩა კვეთს კოლდუნოვის ქუჩას, სადაც ავტომობილი BMW X3 აფეთქდა.

ბალაშიხაში აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც მძღოლი მანქანაში ჩაჯდა და დაიძრა. „კომერსანტი“, წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ავტომობილის ქვეშ 500 გრამამდე ტროტილის შემცველობის ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.