რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონებზე მასშტაბურ თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა.
უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქ სუმის ცენტრალურ ნაწილზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 20 ადამიანი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი.
სუმის რეგიონზე, საერთო ჯამში, თავდასხმა ექვსი რაკეტით განხორციელდა.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის არმიამ პოლტავის რეგიონში ოთხ ბენზინგასამართ სადგურს დაარტყა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა.




