ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედია სააგენტოები რუსეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ფედერალურ ბიუჯეტში ნავთობისა და გაზის შემოსავლების შემცირების ფონზე, ბიუჯეტის წესით უცხოური ვალუტის და ოქროს გაყიდვები ამ თვეში რეკორდულ 226.8 მილიარდ რუბლს მიაღწევს.
ვალუტის ასეთი ოდენობასთან მიახლოებული გაყიდვები რუსეთში მოხდა კოვიდის პანდემიის დროს, 2020 წლის გაზაფხულზე, როდესაც დაკარგული საბიუჯეტო შემოსავლებისა და ეროვნული კეთილდღეობის ფონდის კომპენსაციისთვის 193.1 მილიარდი რუბლი გამოიყო გასაყიდად.
ფინანსთა სამინისტრო გასაყიდად 226,8 მილიარდი რუბლის ეკვივალენტი იუანისა და ოქროს გამოყოფას გეგმავს, რაც 6 თებერვლიდან 5 მარტამდე 11,9 მილიარდი რუბლის ყოველდღიურ ინტერვენციებს შეესაბამება. იანვარში ფინანსთა სამინისტრომ 192,1 მილიარდი რუბლის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა გამოყო გასაყიდად, რაც დღეში12,8 მილიარდ რუბლის გამოყოფის ტოლფასია. .
სამინისტროს შეფასებით, იანვარში ნავთობისა და გაზის ფაქტობრივი შემოსავლები მოსალოდნელზე 17,4 მილიარდი რუბლით ნაკლები იყო, ხოლო თებერვალში ფინანსთა სამინისტრო ენერგეტიკული შემოსავლების 209,4 მილიარდი რუბლის დეფიციტს ელის.
ნავთობისა და გაზის შემოსავლები ფედერალურ ბიუჯეტში 2026 წლის იანვარში 2025 წლის იანვართან შედარებით 50.2%-ით შემცირდა და 393.3 მილიარდი რუბლი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 395.8 მილიარდი რუბლით ნაკლებია.
2025 წლის ბოლოსთვის, ნავთობის ფასების ვარდნისა და რუბლის მნიშვნელოვანი გამყარების ფონზე, რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლები დაახლოებით ერთი მეოთხედით შემცირდა და 8.48 ტრილიონ რუბლს მიაღწია.
ნავთობისა და გაზის შემოსავლების დანაკარგის კომპენსირებას და ღრმა ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილებას ხელი შეუწყო ოქროს ფასის ნახტომისებრმა ზრდამ. რუსეთის რეზერვების ღირებულება ოქროზე ფასის მატების შედეგად 200 მილიარდ დოლარზე მეტით გაიზარდა, - წერდა ინგლისური „ტელეგრაფი“ გუშინ და აღნიშნავდა, რომ ფასის ვარდნის შემდგომი გაგრძელებას (ოქროს ფასი გუშინ დაახლოებით 5600 დოლარიდან/უნციაზე დაახლოებით 4800 დოლარამდე/უნციაზე შემცირდა, ამ დროისთვის კი არის 5056 დოლარი/უნციაზე) რუსეთი შეიძლება გაეხადა იძულებული ეფიქრა ომის დასრულებაზე.




