ამერიკულმა კომპანია Apple-მა, კასპერსკის ლაბორატორიასთან სამართალწარმოებისას, ანტიმონოპოლიური კანონების დარღვევის გამო, რუსეთის ბიუჯეტს 906 მილიონი რუბლის ოდენობით ჯარიმა გადაუხადა. ამის შესახებ რუსეთის ფედერალური ანტიმონოპოლიური სამსახურის (FAS) პრესსამსახური იუწყება.

"კომპანიამ სამსახურის გადაწყვეტილება და ბრძანება, ასევე ჯარიმის დაკისრების გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა 2022 და 2023 წლებში სამი ინსტანციის სასამართლომ მხარი დაუჭირა FAS-ის პოზიციას, რის შემდეგაც კომპანიამ შეასრულა ბრძანება", - თქვა რუსეთის მარეგულირებელმა.

2020 წელს ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა Apple დამნაშავედ ცნო აპლიკაციების ბაზარზე თავისი დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებაში, ვინაიდან Apple-ის მობილურ მოწყობილობებზე აპლიკაციის ლეგალურად დაყენება შესაძლებელია მხოლოდ App Store-იდან. ამის შემდეგ, კასპერსკის ლაბორატორიამ მიმართა ფედერალურ ანტიმონოპოლიურ სამსახურს, რომელიც ამტკიცებდა, რომ Apple-მა კომპანიის მიერ შემუშავებული მშობელთა კონტროლის პროგრამა დაბლოკა - სავარაუდოდ, საკუთარი მსგავსი აპლიკაციის გამოშვების გეგმის გამო.

2021 წელს FAS-მა კიდევ ერთი საქმე აღძრა Apple-ის წინააღმდეგ და გადაწყვიტა, რომ კომპანიამ რუს დეველოპერებს App Store-ის ალტერნატიული გადახდის მეთოდებით სარგებლობა აუკრძალა და აიძულა, Apple-ის გადახდის სერვისებით ესარგებლათ. ამ საქმის ფარგლებში, 2023 წლის იანვარში FAS-მა Apple 1,2 მილიარდი რუბლით დააჯარიმა.

2022 წლის ივლისში მოსკოვის სასამართლომ Apple Inc., რუსი მომხმარებლების მონაცემების ლოკალიზაციაზე უარის თქმისთვის, 2 მილიონი რუბლით დააჯარიმა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Apple ამ მუხლით რუსეთში სასამართლოს წინაშე წარდგა. 2022 წლის მარტში Apple-მა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, ოკუპანტ ქვეყანაში ოფიციალური გაყიდვები შეაჩერა.