რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მასირებული იერიში მიიტანა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსეთმა კიევში, მდინარე დნეპრზე მდებარე ორ ხიდს დაარტყა, თავდასხმის შედეგად დედაქალაქის ნაწილს წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ვიტალი კლიჩკოს თქმით, წინასწარი ინფორმაციით, დარტყმები დედაქალაქის ჩრდილოეთ და სამხრეთ ხიდებზე განხორციელდა. მისივე თქმით, რუსულმა ძალებმა სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასაც შეუტიეს. ღამის განმავლობაში კიევში ძლიერი აფეთქების ხმა ისმოდა.

იერიშის შედეგად ჩერკასის ოლქში სამი ადამიანი დაშავდა. რუსეთის იერიშების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეწყდა დნიპროშიც. უკრაინის ენერგოსისტემის ოპერატორ „უკრენერგოს“ განცხადებით, რუსეთის თავდასხმებმა აღმოსავლეთის რამდენიმე ოლქში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გამოიწვია. განსაკუთრებით რთული ვითარებაა დნიპროში, ხარკოვში, პოლტავასა და ზაპოროჟიეში.