რუსეთის არმიამ ქალაქ სუჯაზე კონტროლი აღადგინა. კურსკის ოლქში მდებარე ამ ქალაქს უკრაინელი სამხედროები 200 დღის განმავლობაში იკავებდნენ. კრემლის სახელმწიფო მედიამ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გადაღებული ვიდეომასალა გაავრცელა, რომელზეც ჩანს, რომ რუსმა სამხედროებმა მთავარ მოედანზე დროშა აღმართეს. სუჯასთან ერთად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის არმიამ 6 თვის განმავლობაში დაკავებული ტერიტორიის - 1268 კვადრატული კილომეტრიდან 968 დათმო.
რუსეთის ძალების კონტრშეტევის ოპერაციას, სამხედრო ფორმაში ჩაცმული პუტინი ოლქში მდებარე ერთ-ერთი სამეთაურო შტაბიდან გაეცნო. ვიზიტის ამსახველი ვიდეომასალა კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა. ეს კურსკის ოპერაციის დაწყებიდან პირველი შემთხვევაა, როდესაც პუტინმა სამხედრო მოქმედებების ზონა მოინახულა. გასცა მითითებებიც, და თქვა რომ უკრაინელ სამხედრო ტყვეებს, ისე მოექცნენ როგორც ტერორისტებს.
კურსკის ოლქიდან უკრაინელი სამხედროების გაყვანის ბრძანება გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ სირსკიმ გასცა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გაცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კიევის დაგეგმილმა ოპერაციამ მოწინააღმდეგეს სერიოზული დანაკარგები მიაყენა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის გადაწყვეტილებით დაინტერესდა უმაღლესი რადა, დღეს 118-მა დეპუტატმა ალექსანდრ სირსკი უშიშროების კომიტეტის მოსმენაზე დაიბარა, თუმცა სირსკი საკანონმდებლო ორგანოში არ მისულა. ვერსიებზე საუბრობს მსოფლიო მედია.
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით სუჯაში, რომელსაც ათასობით უკრაინელი სამხედრო იცავდა, რუსმა სამხედროებმა შესვლა იმ გაუქმებული მილსადენით შეძლეს, საიდანაც ევროპას რუსული ბუნებრივი აირი მიეწოდებოდა. ოპერაცია, რომელშიც გავრცელებული ცნობით ექვსასი რუსი ჯარისკაცი მონაწილეობდა რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა. უკრაინის თავდაცვის ძალების საპასუხოდ გავრცელებულ ვიდეოში კი ჩანს, რომ სუჯას მისადგომებთან მილსადენიდან ამოსულ რუს სამხედროებს უკრაინის ძალები ანადგურებენ.