სომხური პრესა ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსეთის მიერ სომხეთისთვის შექმნილი პრობლემის შესახებ წერს.

არახელსაყრელი ამინდის გამო ზემო ლარსის გზა პერიოდულად იკეტება. მაგრამ ამ შემთხვევაში ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ პრობლემა პოლიტიკურია. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ სატვირთო მანქანების უკან გაბრუნების მიზეზი ფიტოსანიტარიული სტანდარტების დარღვევაა, - წერს სომხური პრესა.

გუშინ, 28 ნოემბერს, სომხეთის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა ზემო ლარსის საგუშაგოზე შექმნილი ვითარების ჟურნალისტებთან კომენტირებისას განაცხადა, რომ ზემო ლარსში 1500-მდე სომხური სატვირთო მანქანა ელოდებოდა თავის რიგს და ამის მიზეზი არა მხოლოდ უამინდობა იყო.

პრობლემა არსებობს და ეს იმაში გამოიხატება, რომ იდენტური პროდუქტით დატვირთული მანქანების ნაწილი გადის გამშვები პუნქტიდან, ნაწილს კი უკან აბრუნებენ, - თქვა სანოსიანმა.

მან არ ისურვა პირდაპირი პასუხი გაეცა კითხვისთვის, აქვს თუ არა პრობლემას პოლიტიკური ქვეტექსტი და უპასუხა, რომ შექმნილ სიტუაციის მოსაგვარებლად შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ.

მე არ ვიჩქარებდი დასკვნების გაკეთებას, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა იყოს რაღაც პოლიტიკურიც, - უპასუხა ჟურნალისტების კითხვას რუსეთის მხრიდან ლარსში სომხეთისთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნის მცდელობასთან დაკავშირებით სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა და მათ თხოვნაზე, დაეზუსტებინა, რას გულისხმობდა პოლიტიკურ მიზეზში, დასძინა:

„არ შეგიმჩნევიათ, რომ პოლიტიკური ურთიერთობები ცოტათი დაძაბულია? მგონი შენიშნეთ. სწორედ ამას ვგულისხმობდი".

ახლა ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სომხებმა, როგორც სომხეთში, ასევე საზღვარგარეთაც, იყიდონ სომხური საქონელი - სოფლის მეურნეობის პროდუქტები, სასმელები, ისარგებლონ სომხური კომპანიების სერვისებით. ბიზნესისა და გადასახადის გადამხდელების ამგვარი მხარდაჭერა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. ლარსის დახურვა ჩვენზე არ იმოქმედებს, თუ სომხური ბიზნესი იპოვის ახალ ბაზრებს საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების სადღესასწაულო და არასადღესასწაულო სუფრებისთვის. საახალწლო და საშობაო სუფრები უნდა შეიცავდეს ექსკლუზიურად სომხურ ბოსტნეულს, ხილს, ღვინოს, კონიაკს და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებს, - დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა არაიკ ჰარუთუნიანმა.

ოპოზიცია შექმნილ პრობლემაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.

მმართველი ჯგუფის მიერ, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის საგარეო სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობებში საკვანძო როლის მქონე ქვეყნების იგნორირება სრულიად ეწინააღმდეგება სომხეთის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, - ამბობს ბლოკ „სომხეთის" დეპუტატი ტადევოს ავეტისიანი.

სომხეთის რესპუბლიკის სურსათის უვნებლობის ინსპექციის პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2023 წელს სომხეთიდან ექსპორტირებულ ტვირთზე რუსეთის შესაბამისი უწყების მიერ დაფიქსირებული 72 დარღვევიდან ნახევარი (36 შემთხვევა) დაფიქსირდა წინა თითქმის 11-თვიან პერიოდში, ხოლო მეორე ნახევარი - სულ რაღაც 3 დღეში. და ეს ის დროს, როცა „როსსელხოზნადზორის" განმარტებით, შემოწმებები ჩატარდა რუტინულად, კონტროლის პროცედურის შეუცვლელად.

ზემო ლარსის გამშვები პუნქტი არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ გამშვებ პუნქტად. ეს სიმბოლოა. მისი დახურვა სომხურ-რუსული ურთიერთობის დასასრულს ნიშნავს, რადგან რუსეთიდან სომხეთში შემოდის საქონელი, რომელიც ძნელად მოსაპოვებელია სხვა ადგილებში, - განაცხადა მსხვილი სომხური სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანია Apaven-ის დირექტორმა გაგიკ აღაჯანიანმა.

სომხეთის მიერ იმპორტირებული 400 ათასი ტონა ხორბლეულის უდიდესი ნაწილი რუსეთიდან შემოდის და რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, სხვადასხვა ქვეყნიდან რომ ხდებოდეს შემოტანა, მაგრამ ეს მარტივი არაა და პოლიტიკოსები არ უნდა უკარნახონ ბიზნესმენებს, საიდან რა უნდა შემოიტანონ და რა უნდა გაიტანონ, - თქვა აღაჯანიანმა.

მის აზრით, პრობლემა უამინდობის გამო შეიქმნა და მას პოლიტიკური კონტექსტი არ გააჩნია.

აღაჯანიანი შეეხო საზღვაო ბორნით ტვირთის გატანის საკითხს და აღნიშნა, რომ ბორანი ვერ შეცვლის ლარსის გამშვებ პუნქტს, რადგან ექსპორტზე გასატანი სასოფლო სამეურნეო პროდუქცია, მათ შორის ხილი, უმეტესწილად მალფუჭებადია.

რაც შეეხება „მშრალ პორტს“, რომელზედაც სომხეთის ხელისუფლებაც საუბრობს, მას, უნდა ჰქონდეს სტაბილური, უწყვეტი კავშირი ჩვეულებრივ პორტთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არ არის „მშრალი პორტი“, არამედ მხოლოდ ტერმინალი.

„რომელ პორტთან იქნება უზრუნველყოფილი ეს კავშირი? რაიმე დოკუმენტი გაფორმებულია? ფოთისა და ბათუმის პორტების ხელმძღვანელებმა მითხრეს, რომ წარმოდგენა არ აქვთ რაზეა საუბარი“, - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.