რუსეთის ხელისუფლება მოსკოვსა და ოკუპირებულ ყირიმზე დრონებით იერიშის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყირიმის თავზე ღამით ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. უწყების ცნობით, ორი დრონი განადგურებულია ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროს რაიონში, კიდევ ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი კი ჩრდილო-დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებთან.

დრონების ჩამოგდების შესახებ მოსკოვის მერი სერგეი სობიანინიც იტყობინება. მისი განცხადებით, ღამით რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მოიგერიეს ისტრის რაიონში. მოგვიანებით სობიანინმა განაცხადა, რომ რამენის რაიონში ჩამოაგდეს კიდევ ერთი დრონი, რომელიც რუსეთის დედაქალაქზე თავდასხმას ცდილობდა. ამასთან, თავდაცვის სამინისტრო თავის მხრივ ავრცელებს ინფორმაციას უპილოტო საფრენი აპარატის დომოდედოვოს რაიონში განადგურების შესახებ.