რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები აცხადებენ, რომ რუსეთის არმიამ კურსკის ოლქის მთელ ტერიტორიაზე დაიბრუნა კონტროლი.
რუსეთის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა მოახსენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომ შაბათს რუსეთის არმიამ უკრაინელების მიერ კურსკის ოლქში დაკავებულ ბოლო ტერიტორიაზე, სოფელ გორნალზე აღადგინა კონტროლი.
უკრაინის მედია რუსეთის მედიის აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას აღნიშნავს, რომ DeepState-ის რუკებზე კურსკის ოლქის ორი რაიონი კვლავ მონიშნულია, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ მყოფი, ხოლო დილის რეპორტაჟში, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ „უკრაინის თავდაცვის ძალები კურსკის მიმართულებით დამპყრობლების შეკავებას აგრძელებენ“.