რუმინეთის ორგანიზებულ დანაშაულთან და ტერორიზმთან ბრძოლის დეპარტამენტმა (DIICOT) ქვეყნის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ საარჩევნო კამპანიისთვის სახსრების მოძიების საქმეზე დააკავა, — იტყობინება რუმინული მედიასაშუალებები. გამოცემა Digi.24 წერს, რომ 64 წლის პოლიტიკოსი მგზავრობისას შეაჩერეს და სახლში მიიყვანეს, რათა მისი თანდასწრებით ჩხრეკა ჩატარებულიყო.

უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში დადასტურებულია ბუქარესტსა და კიდევ სამ დასახლებულ პუნქტში ხუთი ჩხრეკის ჩატარება "ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჩადენილი და გრძელვადიანი ხასიათის თაღლითობის საქმის გამოძიების ფარგლებში". განცხადებაში ფიგურანტების სახელები არ სახელდება, თუმცა აღნიშნულია, რომ გამოძიების მთავარი მონაწილე რუმინეთის 64 წლის მოქალაქეა.

გამოძიების ცნობით, მისი ხელმძღვანელობით, 2021 წლის სექტემბერში ჩამოყალიბდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელშიც რუმინეთის კიდევ ერთი მოქალაქე და იტალიის ერთი მოქალაქე შევიდნენ. DIICOT-ის განცხადებით, ჯგუფი ძირითადად რუმინეთის ტერიტორიაზე, ასევე დიდ ბრიტანეთში მოქმედებდა უკანონო ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით.

ჯგუფის ლიდერი თავის თანამზრახველებს რუმინელ მეწარმეებს, რომლებიც ბიზნესის გაფართოებას ცდილობდნენ, წარუდგენდა როგორც "წარმატებულ ბიზნესმენებსა და უცხოური კომპანიების ხელმძღვანელებს, რომლებსაც დიდ ფულად სახსრებზე მიუწვდებოდათ ხელი". ის სესხების გამოყოფას ჰპირდებოდა და მსესხებლებისგან ფულად გარანტიებს ითხოვდა. "განაწილებული როლების შესაბამისად მოქმედი ბოროტმოქმედები რუმინელ მეწარმეებს ატყუებდნენ უცხოური ბანკებიდან დაფინანსების მიღების შესაძლებლობის შესახებ", — აცხადებს რუმინული უწყება.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, 2021 წლის სექტემბრიდან რუმინეთსა და დიდ ბრიტანეთში გამართული შეხვედრების დროს ბოროტმოქმედებმა დაზარალებული დაარწმუნეს, გადაერიცხა საგარანტიო შენატანი, საერთო ჯამში, 1,1 მილიონ ევროზე მეტი ოდენობით და სანაცვლოდ, მრავალმილიონიანი სესხის გამოყოფას შეჰპირდნენ.