რუმინეთმა დაიწყო აფეთქებითი სამუშაოები დუნაის კალაპოტის შესაცვლელად, რათა ატომური ელექტროსადგურის მუშაობა უზრუნველყოს. 

ინფორმაციას ამის შესახებ რუმინული მედია ავრცელებს.

კერძოდ, რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ დუნაიზე კლდოვანი ქანების აფეთქების ოპერაცია დაიწყო, რომლის მიზანია წყლის ნაკადის ნაწილის გადამისამართება ქალაქ ჩერნავოდეში მდებარე ატომური ელექტროსადგურისკენ.

როგორც რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის მოადგილემ განმარტა, პირველი ორი აფეთქების შემდეგ სამხედროები ვარაუდობდნენ, რომ კლდის დაშლას შეძლებდნენ, თუმცა ეს არ მოხდა, რადგან ქანი მოსალოდნელზე უფრო მყარი აღმოჩნდა. ამასთან, მისივე თქმით, სამხედრო-საზღვაო ძალების მყვინთავები განხორციელებული აფეთქებების შედეგებს შეისწავლიან, რის შემდეგაც ოპერაცია ორშაბათს განახლდება. იგეგმება ახალი აფეთქებების განხორციელება, რომლის დროსაც ასაფეთქებელი მუხტების სიმძლავრეს ეტაპობრივად გაზრდიან.

როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ჩატარებულ ოპერაციაში 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 16 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა. თავდაპირველად, სამხედრო მყვინთავებმა მცირე სიმძლავრის ასაფეთქებელი მუხტების გამოყენებით საცდელი სამუშაოები ჩაატარეს. ამის შემდეგ დაგეგმილი იყო კონტროლირებადი აფეთქებები უფრო მძლავრი მუხტების გამოყენებით.

ოპერაციის მიზანია, მდინარე დუნაის ერთ-ერთი განშტოებიდან, ბალადან წყლის ნაკადის ნაწილის გადამისამართება დუნაის ძველ კალაპოტში, რათა ქალაქ ჩერნავოდეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობისთვის საჭირო რაოდენობის წყლის მიწოდება იყოს უზრუნველყოფილი.

რუმინეთის წყლის რესურსების სააგენტოში განაცხადეს, რომ ეს ოპერაცია უკიდურესად რთულია და არსებობს რისკი, რომ მან შედეგი ვერ გამოიღოს.

ასეთი ზომების მიღების აუცილებლობა დუნაიში წყლის დონის მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია, რაც რუმინეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამან ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაზე სერიოზული ზეწოლა გამოიწვია. დუნაიში წყლის დაბალი დონის გამო, რომელიც გვალვით იყო გამოწვეული, 28 ივლისს რუმინეთმა ქალაქ ჩერნავოდეს ატომურ ელექტროსადგურზე ერთ-ერთი რეაქტორის მუშაობა შეაჩერა.